geo eng rus
კვირა, 25 ივნისი, 2017. 10:52
საგადასახადო შეღავათები ბანკებზეც გავრცელდება – პრემიერი სექტორის პოზიციას იზიარებს
2016-02-17 10:34:47
+
-

მოგების გადასახადის რეფორმა საბანკო სექტორზეც გავრცელდება, თუმცა ეს წელს არ მოხდება. როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, საუბარია იმაზე, რომ რეინვესტირებული მოგების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან ბანკები ორი წლის შემდეგ გათავისუფლდნენ.

 

აღნიშნულ საკითხზე ბანკირებმა პრემიერისგან მხარდაჭერა გუშინდელ შეხვედრაზე მიიღეს.

 

საუბარია იმაზე, რომ საგადასახადო რეფორმა, რომელიც მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, საბანკო სექტორსაც უნდა შეეხოს. გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის ამ აზრს ემხრობა.


„პრინციპში, მე ვეთანხმები, რომ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას ამ რეფორმამ, თუმცა, ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ეს წელს არ გაგვეკეთებინა და შესაძლოა, ამ ნაწილში ამოქმედების ვადაზე ვიფიქროთ მოგვიანებით“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ ეს საკითხი გადავა მუშა პროცესში. მისი თქმით, შესაძლოა საბანკო სექტორი და მთავრობა გარკვეულ ოპტიმისტურ ვარიანტზე შეჯერდეს, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. კერძოდ, ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ შესაძლოა ეს ცვლილება ბანკებზე ორი წლის შემდეგ გავრცელდეს. „ამაზე ვიმუშავებთ ერთობლივად და მგონია, რომ რაღაც საღ აზრამდე მივალთ. ვარიანტი, რომელზეც გვქონდა მსჯელობა, იყო ის, რომ შეიძლება ბანკები ჩაერთონ, უბრალოდ, ბანკებისთვის ეს შეღავათი ორი წლის შემდეგ ამოქმედდეს,“ – აცხადებს ბუცხრიკიძე.


შეღავათის საბანკო სექტორზე გავრცელების მომხრეა „ვითიბი ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, გაუგებარია, რატომ არ ვრცელდება ეს შეღავათი საფინანსო ორგანიზაციებზე მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა  ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანია ყველა სექტორისთვის.

 

კონცელიძის თქმით, ფინანსთა სამინისტრო აჰყვა იმ ნეგატიურ პიარ ტალღას, რომელიც ბანკებისკენ არის მიმართული და არ გაითვალისწინა საგადასახადო შეღავათები ამ სფეროსთვის.


„საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია, კერძოდ რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლება, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც გარკვეულად გაზრდის შიდა ინვესტიციებს საქართველოს ბიზნესში და ეკონომიკაში. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა  ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანია ყველა სექტორისთვის, ამ კონტექსტში გაუგებარია, რატომ არ ვრცელდება ეს შეღავათი საფინანსო ორგანიზაციებზე.  ფინანსთა სამინისტრო აჰყვა იმ ნეგატიურ პიარ ტალღას, რომელიც ბანკებისკენ არის მიმართული და არ გაითვალისწინა საგადასახადო შეღავათები ამ სფეროსთვის. ვთვლით, რომ  ქვეყნის ყველაზე წარმატებული ბიზნეს სექტორი არ უნდა იყოს გამონაკლისი აღნიშნულ კანონში“,- აცხადებს არჩილ კონცელიძე „კომერსანტთან“ საუბარში.


როგორც ცნობილია, რეფორმა, რომელიც მსხვილი ბიზნესის მიერ უკვე შეფასდა როგორც რევოლუციური,  არ გავრცელდება ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მეწარმე ფიზიკურ პირებზე, აგრეთვე ორგანიზაციებზე, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება,  მაგალითად, სსიპ-ები დაარასამთავრობო სექტორი. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ამ სექტორებს ამ ეტაპისთვის ფინანსური კუთხით დახმარება არ სჭირდებათ. 


მოგების გადასახადის რეფორმა ესტონური მოდელით უნდა განხორციელდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოგება მხოლოდ დივიდენდის განაწილების შემდეგ დაიბეგროს. რეინვესტირებული თანხები კი არ დაიბეგრება.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი  აცხადებს, რომ თუ მოგების გადასახადის რეფორმა ბანკებზეც გავრცელდება, ეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობდა ხელს.


„იმ შემთხვევაში თუ ფინანსური რესურსები ფინანსური შუამავლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთში თანხის გაცემა. დღეს, როდესაც მათ უხდებათ დეპოზიდების მაღალ საპროცენტო განაკვეთში მოძიება, შესაბამისად, სესხებზეც გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები. ამ ყველაფერზე დადებითად აისახებოდა რეფორმა და ხელს შეუწყობდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას“,- განაცხადა გივი ადეიშვილმა.


მისივე თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ შეღავათები ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს არ სჭირდებათ, არასწორია.


„ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები არიან ეკონომიკის მამოძრავებელი სექტორი, რომლებიც ფინანსურ ხელმისაწვდომობას აიოლებს როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. ვინაიდან საქართველოში ბანკებს შორის კონკურენცია არის და ბანკები ცდილობენ მოიზიდონ მომხმარებელი უფრო უკეთესი პირობის შეთავაზებით, რეფორმის მათზე გავრცელების შემთხვევაში, აღნიშნული ფინანსური რესურსები უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა მომხმარებლისთვის, საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და სხვა დამატებიღ სარგებელზე, რომელსაც მიიღებდა როგორც მომხმარებელი ასევე ბიზნესი“,- აღნიშნა გივი ადეიშვილმა.


თუმცა, მისივე თქმით, მთლიან სექტორზე ამ რეფორმის გავრცელება სახელმწიფოს საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტს დაახლოებით მილიარდამდე ლარი დააკლდება, რისი შევსებაც ხელისუფლებას მოკლევადიან პერიოდში გაუჭირდება.


„იმ ფორმით, რა ფორმითაც რეფორმა ახლა არის შემოთავაზებული, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება 400 მილიონი. ეს თანხა უნდა მოიძიოს მთავრობამ სხვა წყაროებიდან. თუმცა, მეორე მხრივ, ამ დანაკლისს აანაზღაურებს ის გაზრდილი ეკონომიკა, რასაც მივიღებთ მომავალში. თუ რეფორმა ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებზეც გავრცელდებოდა, ეს ყველაფერი ამ თანხას გაზრდიდა, სავარაუდოდ საუბარი შეეხებოდა მილიარდამდე ლარს. ამ შემთხვევაში მთავრობას ბევრად მეტი პროექტის შეჩერება მოუწევს და უფრო მეტი ფინანსების მოძიება, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ძნელია. შესაძლებელია, რეფორმა მომავალში განხორციელდეს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტებისთვისაც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას“,-განაცხადა გივი ადეიშვილმა.

ავტორ(ებ)ი: სალომე მეცხვარიშვილი, სოფო ქსოვრელი