„თბილისი მოლში“ კინოთეატრის, საბავშვო კომპლექსის და ახალი მაღაზიების გახსნა იგეგმება

2013-07-27 10:19:40




„თბილისი ცენტრალში“ მცირე მაღაზიები დაიხურა

 

რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

 

„კომერსანტის’’ მიერ თბილისში გამოკითხულ მსხვილ სავაჭრო ცენტრებს გაყიდვები გაეზარდათ. როგორც ჩვენთან საუბარში ,,თბილისი ცენტრალის’’ გაყიდვების მენეჯერი აცხადებს, მიმდინარე სეზონზე გაყიდვები გაუორმაგდათ. მიზეზად მენეჯმენტში დასავლეთის მიმართულებით რკინიგზის მგზავრთა ნაკადის ზრდას ასახელებენ.

 

მათივე ცნობით, ,,თბილისი ცენტრალში’’ თვის ბოლოს ,,ვაიკიკის’’, ,,ბე ბე პლიუსის’’, „ლევანტოს’’ და ,,ფექტორის’’ მაღაზიები გაიხსნება. მენეჯმენტის განცხადებითვე, სავაჭრო ცენტრში პატარა მაღაზიები ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად დაიხურა და აქცენტი მსხვილ ბრენდულ მაღაზიებზე კეთდება. მათი თქმით, სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს ძირითადად ტექნიკის ბრენდებს სთავაზობს.

 

,,თბილისი მოლის’’ განცხადებით, ზაფხულის სეზონზე მომხმარებელთა ნაკადის სიმცირის მიუხედავად, საზაფხულო ფასდაკლების აქციებმა სავაჭრო ცენტრს გაყიდვები გაუზარდა. მათი თქმით, თუ გასულ წელს ,,თბილისი მოლში’’ მხოლოდ 30-მდე მაღაზია ფუნქციონირებდა, წელს მათი რაოდენობა 105-მდეა გაზრდილი.

 

მენეჯმენტის ცნობით, უახლოეს მომავალში ცენტრს ჩანთების მაღაზია ,,ფერო’’ შეემატება. იგეგმება ასევე ბავშვთა გასართობი კომპლექსის შექმნაც. მათივე განმარტებით, ,,თბილისი მოლში’’ კინოთეატრის გახსნა სარემონტო სამუშაოების გამო გახანგრძლივდა, თუმცა ,,მოლის კინოთეატრი’’ მაყურებლების მიღებას სავარაუდოდ შემოდგომიდან შეძლებს.