geo eng rus
კვირა, 25 ივნისი, 2017. 10:52
„ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი: დოლარიზაციის შემცირება უნდა მოხდეს ინვესტიციებით და არა რეგულაციებით
2016-02-11 10:22:41
+
-

როგორ უნდა შემცირდეს დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში? 


ეს თემა დისკუსიის თემად განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა, რაც ეკონომისტი თემურ ბასილია წინა წლებში არსებული პრაქტიკის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა, როდესაც კანონმდებლობით გადახდის ერთადერთი საშუალება ლარი იყო. 

 

მისი განმარტებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილება და ბანკებს მისცეს უფლება აწარმოონ ოპერაციები სხვა ქვეყნის ვალუტაშიც,


„პიროვნება ბინას ან ავტომანქანას დოლარში თუ გაყიდის, ამას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ დაწესებულებების კონტროლი, ვინც ბუღალტრულ აღრიცხვას აკეთებს, ნამდვილად შესაძლებელი,“ – აცხადებს ბასილია.

 

ამ მოსაზრებას არაერთი ექსპერტის შეფასება მოჰყვა. ექსპერტების ნაწილი სესხების დოლარში გაცემის არა აკრძალვის, არამედ შეზღუდვის მომხრეა, ნაწილი კი ყველანაირ შეზღუდვას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ დოლარიზაციის შემცირების გზა 

 

ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისებაა, რაც ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდითაც მიიღწევა. 


თემაზე „კომერსანტთან“ ბანკი „ქართუს" გენერალური დირექტორი საუბრობს.

 

ნატო ხაინდრავა აცხადებს, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი მართლაც მაღალია და ეს ასე იყო ყოველთვის. თუმცა, მისივე განმარტებით, მაჩვენებელი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მაღალია. მიზეზად ხაინდრავა ლარის კურსის დევალვაციას ასახელებს. მისი თქმით, ამის გამო აღარავის სურს, ხელში ლარი ეჭიროს. 

 

თუმცა, ხაინდრავას თქმით, პრობლემის გადაჭრის გზა არა კომერციული ბანკებისთვის რაიმე ტიპის შეზღუდვა, არამედ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაა.


„შეზღუდვებზე ბანკებთან საუბარი არ შეიძლება. თუ შეზღუდვებია, ეს შეიძლება ეროვნულმა ბანკმა გააკეთოს, სამთავრობო დონეზე გაკეთდეს. ჩვენ პრობლემის ბუნებრივი გზით მოგვარების მომხრე ვართ. მაღალი დოლარიზაცია ყოველთვის იყო საქართველოს პრობლემა, ეს დღეს არ დაწყებულა. უბრალოდ, ბოლო პერიოდში ცოტა გაიზარდა. ასევე, ამ ბოლო დროს ყბადაღებული თემაა, რომ ბანკებს დიდი მოგებები აქვთ. როცა დოლარშია რესურსი, ცხადია გაცემაც დოლარში უნდა იყოს. მე თუ დოლარში მაქვს ვალდებულება, ლარში როგორ უნდა გავცე? დოლარს შემოსავალიც დოლარში აქვს, შემდეგ ის ლარში კონვერტირდება და მოგება ლარში ფიქსირდება"-აცხადებს ხაინდრავა.


ბანკი „ქართუს" გენერალური დირექტორი არ იზიარებს თემურ ბასილიას ინიციატივას, აღდგეს 2008 წლამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც ბანკებს ოპერაციების მხოლოდ ლარში განხორციელების უფლება ჰქონდათ. ხაინდრავას განცხადებით, ნებისმიერი რეგულაცია კომერციულ ბანკებს თავისთავად პრობლემას უქმნის.


„ასე აზერბაიჯანში სავალუტო რეგულაცია დაწესდა, რუსეთში სავალუტო კონტროლია, ბასილია 20 წლის წინ თუ ბრუნდება, არ ვიცი, მაშინ სხვა თემაა. ყველა რეგულაცია თავისთავად პრობლემას უქმნის კომერციულ ბანკებს. სესხები რომ ლარში გაიცეს, რესურსი ლარში ხომ უნდა იყოს? ლარი თუ გავა ბაზარზე, ცხადია დევალვაცია გაგრძელდება. ლარის ჭარბი მასა იქნება. აქ ორი ვარიანტია – ან ეკონომიკის ზრდაზე უნდა იფიქროს ადამიანმა, ან ლარის კურსის დაჭერაზე. იცით, ადრე ეროვნული ბანკი რას აკეთებდა? დოლარი გასაყიდად იმაზე უფრო ინტენსიურად გამოჰქონდა, ვიდრე ახლა გამოაქვს და ბაზარს მოთხოვნის მიხედვით აბალანსებდა. რეგულირებას ამით ახდენდა. თუ იმპორტი იზრდება, ბუნებრივია, დოლარზე მოთხოვნაც იზრდება. ექსპორტიც შემცირებულია, სავალუტო სახსრების შემოდინებაც შემცირებულია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. სადაც გავიხედავთ, ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა. აქედან გამომდინარე, რთული პრობლემაა. ბანკები კი არასოდეს არ ვართ რაიმე რეგულაციის დაწესების მომხრე."-აცხადებს ხაინდრავა.


შეგახსენებთ, რომ ქართულ საბანკო სისტემაში დოლარიზაციის მაჩვენებელი თითქმის 70%–ს აღწევს. ბიზნესსესხების 76% ასევე დოლარშია გაცემული.  დოლარში გაცემული სესხები მთელი საბანკო პორტფელის დაახლოებით 63%-ს შეადგენს.


ლარში განთავსებული დეპოზიტების საშუალო განაკვეთი 11.9%-ია, უცხოურ ვალუტაში - 4.4%. მიუხედავად ამისა, დანაზოგი მაინც უცხოურ ვალუტაში კეთდება.

დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს პრობლემად ასახელებენ არა მხოლოდ ექსპერტები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც: 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის მართლაც სერიოზული პრობლემაა, თუმცა, სამწუხაროდ, დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელს ისტორიაში.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი