ავტომობილები შესაძლოა ქართული ბაზრიდანაც გაიწვიონ
ამერიკის და რუსეთის შემდეგ იაპონურმა ავტოგიგანტმა „ტოიოტამ“ ავტომობილები შესაძლოა საქართველოდანაც გაიწვიოს. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ „ტოიოტა ცენტრი კავკასიას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გურჩიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, აქსელერატორის დეფექტის მიზეზით „კოროლას“ მოდელის ავტომობილებს სავარაუდოდ ერთ კვირაში გაიწვევენ.
მისივე თქმით, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნება, საქართველოდან დაახლოებით 300-400 ავტომობილს გაიყვანენ. ამჟამად „ტოიოტა ცენტრი კავკასიას“ საქართველოში გასაყიდად 144 ავტომობილი ჰყავს ჩამოყვანილი, რომელთა ფასები 16–დან 72 ათას დოლარამდე მერყეობს. აქვე ინფორმაციისთვის: „ტოიოტა“ რუსეთის ბაზრიდან დაახლოებით 160 ათასი ავტომობილის გაყვანას გეგმავს. ყველაზე დიდი რაოდენობით 2 მილიონ 300 ათასი ავტომობილი კი „ტოიოტამ“ შეერთებული შტატებიდან გაიყვანა.
|