დინუ პატრიჩიუ აჭარაში შავი ზღვის სანაპიროს ყველაზე მაღალ შენობას ააგებს
ლადო გურგენიძის ბიზნეს–პარტნიორი, რუმინელი მილიარდერი დინუ პატრიჩიუ საქართველოში საბანკო სექტორის შემდეგ უძრავი ქონებითაც ინტერესდება. რუმინეთის უმდიდრესი ადამიანი, რომელიც „სახალხო ბანკის“ ერთ–ერთი მფლობელია, ბათუმში ყველაზე მაღალ, 50 სართულიან შენობას აშენებს. ამის შესახებ პირველი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ჩვენ დეტალების დასაზუსტებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს დავუკავშირდით. როგორც ვარშალომიძემ გვაცნობა, დინუ პატრიჩიუ მრავალფუნქციური კომპლექის „ბათუმის კარიბჭის“ მშენებლობაში 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, პროექტზე კანადელი არქიტექტორები მუშაობდნენ, კომპლექსს სვანური კოშკის ფორმა აქვს და იგი ყველაზე მაღალი შენობა იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელს შავი ზღვის სანაპიროზე. ცათამბჯენის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება და 2011 წელს დასრულდება. იგი გააერთიანებს როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელ ბინებს, სავაჭრო კომპლექსებს, საკონფერენციო დარბაზებს, სპორტულ მოედნებს და კაზინოებს. კომპლექსი ბათუმის „რივიერას“ მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
შეგახსენებთ: რუმინეთის უმდიდრესი ადამიანი დინუ პატრიჩიუ „სახალხო ბანკის“ ყიდვის შემდეგ ღიად აცხადებდა, რომ საქართველოს უძრავი ქონებისა და მედია ბაზრითაც იყო დაინტრერსებული. პატრიჩიუმ საქართველოში ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში სტუმრობისას განაცხადა, რომ ქვეყანაში უძრავი ქონებისა და მედია ბაზრებს სწავლობდა და არ გამორიცხავდა საქმიანობის გაღრმავებას ამ მიმართულებითაც. ბიზნესმენი მიიჩნევდა, რომ საქართველო ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთება მომგებიანი იქნება. დინუ პატრიჩიუ რუმინეთში მედია–ჰოლდინგის მფლობელია. ამასთან, ის უძრავი ქონების ბიზნესებს მოლდოვაში, უკრაინასა და გერმანიაში ფლობს.
|