„შავი ბუღალტერიის“ განმარტება იცვლება
გაზეთ "24 საათის" მიხედვით
ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შეფერხება მალე მოიხსნება. სათანადო საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტშია მომზადებული. იპოთეკა/გირავნობასთან დაკავშირებული რისკები იმდენად ზედმიწევნით არის გათვალისწინებული, რომ მოქმედ კანონმდებლობაში „შავი ბუღალტერიის“ განმარტება იცვლება და ბანკებს „შავი ბუღალტერიის“ საფუძველზე სესხების გაცემა ეკრძალება.
პარლამენტის წევრების – შალვა ნათელაშვილის, იოსებ შატბერაშვილის, კახა ძაგანიასა და გიორგი გუგავას საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე კანონპროექტს მოიცავს. „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, მცირე საწარმოდ ჩაითვლება ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის რეგისტრირებული და არ არის ვალდებული, რეგისტრაციაში დღგ–ს გადამხდელად დარეგისტრირდეს. ამგვარი საწარმოები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთა დასაბეგრი ბრუნვა საგადასახადო წლის განმავლობაში 100 ათას ლარს არ აღემატება, 2012 წლის 1 იანვრიდან მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადს (გადასახადი წინა საგადასახადო წელს გადახდილი გადასახადის ოდენობით) გადაიხდიან და საკონტროლო–სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.
მთავრობამ ბიზნესმენთა ასოციაციასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, რომელიც იპოთეკურ სესხებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნასა და არსებული პროცედურების გამარტივებას ისახავდა მიზნად. დღემდე არსებული რეგულირების თანახმად, იპოთეკით დატვირთული ქონება ბანკისა და შემდეგში საგადასახადო სამსახურის ვალდებულებით არის დატვირთული. მსგავსი რეჟიმის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის საკითხი დღის წესრიგში თუ დადგა, მისი გაყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგანაც მყიდველმა ბანკთან და საგადასახადო სამსახურთან არსებული ვალდებულებები უნდა გაისტუმროს.
არსებული კანონმდებლობით უპირატესობა სახელმწიფო იპოთეკას ენიჭება, რაც ბანკების მხრიდან იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას გარკვეულწილად აფერხებს, ხოლო, თავის მხრივ, ბანკებში ეს უკვე საკრედიტო პორტფელის ზრდას უშლის ხელს.
აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, გუშინდელი ბიუროს სხდომაზე პავლე კუბლაშვილმა წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებს.
ახალი მოთხოვნით, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საბანკო დაწესებულებაში საჭიროა უძრავი ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
წარმოდგენილი პაკეტით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება, რომელიც „შავი ბუღალტერიის“ ცნებას განმარტავს. ამასთან, კომერციულ ბანკებს შავი ბუღალტერიის საფუძველზე სესხის გაცემა აეკრძალებათ.
|