„წყლის დაბინძურების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის ეკისრება“
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ეკონომიკის სამინისტროს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნანა გუჯარაიძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს „თბილისის წყლის“ მფლობელი „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედისგან“ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დღემდე არ მოუთხოვია.
მისი მტკიცებით, ამ ანგარიშის წარმოდგენა პრივატიზაციის ერთ–ერთი სავალდებულო პირობა იყო. ანგარიში გარემოს დაცვის სამინისტროსა და „მულტიპლექსს“ ერთობლივად უნდა მოემზადებინათ. მისი საშუალებით სახელმწიფოსა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობა უნდა გამიჯნულიყო. თუმცა „მწვანე ალტერნატივას“ განმარტებით, რაკი ანგარიში არ არსებობს, წყლის დაბინძურების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის ეკისრება.
ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „მულტიპლექსტან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას გადახედავენ. სამინისტროს სახელშეკრულებო დავალებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯაჭვლიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თუ დოკუმენტში გარემოსდაცვითი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება დევს, მას აუცილებლად მოითხოვენ.
|