რკინიგზიდან შესაძლოა, 5 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლონ
"ეკონომიკური პალიტრის" მიხედვით
საქართველოს რკინიგზის ობლიგაციების განთავსება რისკს შეიცავს. ამის შესახებ ექსპერტთა ნაწილი აცხადებს. მათი თქმით, თუ რკინიგზა ხუთი წლის შემდეგ სესხის დაბრუნებას ვერ შეძლებს, შესაძლოა, დღის წესრიგში რკინიგზის გასხვისების საკითხი დადგეს. მთავრობაში კი საერთაშორისო ბაზრებზე გავრცელებული პრაქტიკის იმედი აქვთ და აცხადებენ, რომ 2015 წელს, როცა რკინიგზამ ობლიგაციები უნდა გამოისყიდოს, კომპანიამ, შესაძლოა, ახალი ობლიგაციები გამოუშვას და თანხა მათი საშუალებით დაფაროს.
„საქართველოს რკინიგზის“ სტრატეგიული პროექტებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის დიმიტრი ქემოკლიძის თქმით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობას ქართულ–ჩინური კონსორციუმი განახორციელებს, რომლის წარმომადგენელი საქართველოში „ხიდმშენია.“ ქემოკლიძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის არსებობს მხოლოდ წინასაპროექტო ვერსია, რომელიც მომზადებულია უკრაინული კომპანია „კიევგიპროტრანსის“ მიერ. სამშენებლო პროექტს კი მშენებელი მოამზადებს. რაც შეეხება 250 მილიონი დოლარის ობლიგაციებს. ეს თანხა მთლიანად რკინიგზის რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას მოხმარდება. ამ თანხის ნაწილი, შესაძლოა, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასაც მოხმარდეს.
„რკინიგზის გასხვისებას საქართველოს მთავრობა არ აპირებს. ეს EBRD–თან გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც წერია. რკინიგზის ყოფნა სახელმწიფოს საკუთრებაში შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე დონორების სტრატეგიაშიც,“ – აცხადებს დიმიტრი ქემოკლიძე. მისი თქმით, რკინიგზამ სესხი სახელმწიფო გარანტიის გარეშე აიღო და შესაბამისად, სესხი მოზიდულია და დაიფარება რკინიგზის მიერ. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე კი ძირითადად ქართველი მუშახელი დასაქმდება.
„საქართველოს რკინიგზაში“ საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა რამდენიმე სამსახური გაერთიანდეს, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 15–დან 10 ათასამდე შემცირდეს. რაც შეეხება „ხიდმშენს,“ შემოვლითი გზის პროექტზე აქ 2500 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.
|