``ჩვენ გვჭირდება საპენსიო რეფორმა. სახელმწიფო პენსიის პარალელურად შემოღებული უნდა იქნას კერძო საპენსიო ფონდები იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დღეს თავისთვის საუკეთესო საპენსიო მომავლის უზრუნველყოფა შეუძლიათ``,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ტელე–გამოსვლისას გააკეთა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ 50 თვიანი პროგრამა, რომელიც ომის გამო შეჩერდა, აუცილებლად განხორციელდება და ამ პროგრამის ფარგლებში პენსიის 100 დოლარამდე გაზრდაც მოხდება.
პრეზიდენტის მიერ კერძო საპენსიო სისტემის აუცილებლობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას სადაზღვეო კომპანია ``ჯი-პი-აი ჰოლდინგში`` ეხმაურებიან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საპენსიო სისტემა მათი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია. ``საპენსიო სისტემა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, უნდა შეიცვალოს. ეს არის საბჭოური გადმონაშთი და ის მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიღაა დარჩენილი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს საპენსიო რეფორმა, რომლის შედეგადაც ყველა დასაქმებული ადამიანი საპენსიო ფონდებში გარკვეულ დანაზოგს შეიტანს, ხოლო უკვე შემდეგ მიიღებს მეტნაკლებად ღირსეულ პენსიას`` – განმარტავენ ``ჯი-პი-აი ჰოლდინგში``. და კიდევ – კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია სახელმწიფომ ათი-ათასობით ადამიანი დააფინანსოს, არასდროს სახელმწიფოს მიერ გაცემული ეს პენსია საკმარისი არ იქნება. ახალ სისტემაზე გადასვლა კი მომგებიანია როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესისთვის. ``ჯი-პი-ია ჰოლდინგს`` ამ დროიასთვის 10 ათასი ადამიანი ჰყავს აღრიცხული, რომელსაც საპენსიო ფონდში ყოველთვიურად დანაზოგი შეაქვს. მინიმალური შენატანი 10 ლარიდან იწყება.
|