თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება ინფორმაციის და ცოდნის საზოგადოებად იწოდება. სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიული სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა 2022 წლიდან გაუარესებულია. მაგალითისთვის, 2013 წელს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა თუ 90% იყო, 2022 წლიდან ეს მაჩვენებელი 58%-მდე შემცირდა.
IDFI-ისვე ცნობით, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციას 43 მიმდინარე დავას აწარმოებს სასამართლოში, სასამართლოს კი არც ერთ მათგანზე სხდომა არ ჩაუტარებია.
,,2024 წელს საჯარო დაწესებულებები კვლავ მალავენ მთელ რიგ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციებს, მაგალითად:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ არ გასცა 2020-2023 წლებში მიღებული განკარგულებების ასლები და მათ მიერ გაწეული სხვადასხვა ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ ინფორმაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გასცა საკონსულოების მიხედვით საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირებული მოქალაქეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.
საქართველოს პროკურატურამ არ გასცა სასჯელის სახით ჩამორთმეული ქონების შესახებ სტატისტიკური მონაცემები.
საქართველოს პარლამენტმა არ გასცა პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო კამერების შესახებ ინფორმაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სამსახურმა არ გასცა რუსული კანონის მიღების შემდეგ ა(ა)იპების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მოთხოვნით შესული განცხადებების შესახებ ინფორმაცია.
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ არ გასცა მეტადონის პროგრამის ბენეფიციარების, პროგრამის დაფინანსების წყაროების, გაცემული ფარმაცევტული პროდუქტების და სხვა სტატისტიკური ინფორმაცია.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ არ გასცა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია“,- ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.
ქრისტინა კვაჭანტირაძე