ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ე.წ. "მაიმუნის ყვავილის" პირველი ვაქცინა დაამტკიცა.
WHO-ს თქმით, MVA-BN არის პირველი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც დანიურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Bavarian Nordic-მა შექმნა.
ამ დროისთვის პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, როგორც ორ დოზაზე განაწილებული ვაქცინა, მაგრამ WHO-მ ასევე აღნიშნა,რომ ის, ასევე შეიძლება იქნეს გამოყენებული ჩვილებზე, ბავშვებსა და ორსულებზეც, ისევე, როგორც დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებზეც.
როგორც WHO-მ განაცხადა, ვაქცინის პირველი პარტია აფრიკაში, ეპიდემიის შედეგად ინფიცირებულთათვის და ვირუსთან საბრძოლველად იქნება გამოყენებული.
გამოცემა Politico-ს ცნობით, Bavarian Nordic-მა აქამდე ვაქცინის 13 მილიონი დოზის წარმოება გამოაცხადა, თუმცა დანიურმა კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ "მომდევნო 12-18 თვეში, მას დამატებით 50 მილიონი დოზის მიწოდება შეუძლია, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება მარეგულირებელ ორგანოზე".
WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს გბრეიუსის თქმით, MVA-BN ვაქცინის პირველი პარტია მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია ეპიდემიასთან საბრძოლველად.
"მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაავადებასთან საბრძოლველად, როგორც ამ დროისთვის აფრიკის კონტექსტში, ასევე სამომავლოდაც.
ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად და მრავალი სიცოცხლის გადასარჩენად ახლა ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება შესყიდვებისა და განთავსების გაფართოება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვაქცინა თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ის ყველაზე მეტად საჭიროა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ინსტრუმენტებთან ერთად" - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.
წყარო: ტაბულა