გასულ დღეებში ამ ტექნიკას უკრაინაში მიმდინარე სახმელეთო მოქმედებებში სულ უფრო და უფრო იყენებდნენ. უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გავრცელებულ Ბევრ ვიდეოში კარგად ჩანს როგორ იყენებს უკრაინის ჯარი „დრაკონ დრონებს” რომლებიც რუსულ პოზიციებს გადამდნარი გავარვარებული ლითონით უტევენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი ერთია - თერმიტის (დაბალი ხარისხის ალუმინისა და ნებისმიერი სხვა ლითონის ოქსიდის ნარევი, რომელიც ქიმიური რეაქციის შედეგად ცხელდება, ლღვება და დუღს თითქმის 2,200 გრადუს ცელსიუსზე) რუსული ძალების პოზიციებზე დაღვრა. გავარვარებული მასა რუს ჯარისკაცებს და მიმდებარე პოზიციებს ეცემა, რის გამოც დამალულ ბატალიონებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება უწევთ.
თერმიტი მეტალურგიულ ინდუსტრიაში ხშირად გამოიყენება ფოლადის შესადუღებლად ან გადასადნობად. მისი გამოყენება საომარ მოქმედებებში სიახლე არ არის, რადგან ის ადრეც გამოუყენებიათ არტილერიისა და ტანკების გასანეიტრალებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს თერმიტის საჰაერო ბომბებს აქტიურად იყენებდნენ გერმანიაც და მოკავშირე ქვეყნებიც. დღესდღეობით უკრაინა ამ იარაღს ახალ დანიშნულებას სძენს და გამოყენების თანამედროვე მეთოდებს უთავსებს.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თერმიტი საბრძოლო მოქმედებების დროს აკრძალული არაა, მაგრამ, მისი გამოყენება სამოქალაქო სამიზნეებზე აკრძალულია, რადგან, მას ადამიანის სხეულზე უკიდურესად მძიმე გავლენა აქვს. Human Rights Watch-ის მიხედვით, ამ ტიპის აალებად იარაღს მაღალი დონის თერმული დამწვრობის გამოწვევა შეუძლია, რომელიც ინტენსიურ და მტკივნეულ მკურნალობას მოითხოვს. მას შეუძლია მძიმე ფსიქიკური ტრამვის გამოწვევაც.
როდესაც თერმიტი „დრაკონი დრონიდან” იღვრება, ის წააგავს დრაკონის ხახიდან გამოფრქვეულ ცეცხლს. სწორედ აქედან მოდის ტაქტიკის მეტსახელი - „დრაკონის ამოსუნთქვა”.
წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი