1987 წლის რეფერენდუმის შემდეგ იტალიაში ბირთვული ენერგიის გამოყენება აიკრძალა. თუმცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობამ იტალიის მთავრობა აიძულა, თავიდან გადაეხედა ამ საკითხისთვის. იტალიის გარემოს დაცვის მინისტრი გეგმავს წლის ბოლომდე ახალი რეგულაციების შემოღებას, რომლებიც ქვეყანაში ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენების დაშვებას უკავშირდება. ევრონიუსი ესაუბრა იტალიის პარლამენტის წევრ რიკარდო ძუკონის, რომელსაც ამ საკითხის შესწავლა დაევალა.
„იტალიაში ბევრი რამ იწვევს ბირთვული ენერგიის პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას. თუმცა ამ მიმართულებით მკაფიო ან გადამწყვეტი მითითებები ჯერ არ ყოფილა. საყურადღებოა ენერგეტიკის მინისტრის მიერ ახალი პლატფორმის შექმნა, სადაც ყველა ის ბირთვულ ობიექტი აისახება, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს როგორც იტალიაში, ისე მთელ ევროპაში. დამატებით საკითხს საპარლამენტო კომიტეტები შეისწავლიან“, – ამბობს რიკარდო ძუკონი.
რიკარდო ძუკონის მიაჩნია, რომ, რადგან მსოფლიოს მასშტაბით იზრდება მოთხოვნა, მომდევნო ათი წლის განმავლობაში მხოლოდ განახლებადი ენერგიები საკმარისი აღარ იქნება. შესაბამისად, ახალი ტიპის ატომურ ელექტროსადგურებს 2050 წლისთვის შეუძლიათ ეროვნული ენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 11% დააკმაყოფილონ.
„ჩნდება ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორისაა პატარა ატომური ელექტროსადგურები, რომლებიც სერიოზულად უნდა შევისწავლოთ“, – განაცხადა რიკარდო ძუკონიმ.
საინტერესოა, რამდენად მუშაობს ატომური ენერგია განახლებად ენერგიასთან ერთად. ჩერნობიოს საერთაშორისო ფორუმზე გამოქვეყნებული დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, ამ ორი მიმართულების გაერთიანება შესაძლებელია და ბირთვული ტექნოლოგიების დანერგვას შეუძლია ეკონომიკას სარგებელი მოუტანოს.
„ჩვენი გამოთვლებით, სექტორში მომუშავე იტალიური ქარხნების ჯამური ეკონომიკური ხარჯი როგორც უშუალოდ მიწოდების ჯაჭვზე, ისე მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებზე, 50 მილიარდ ევროს შეადგენს. ბირთვული ენერგია და განახლებადი წყაროები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ისინი ერთმანეთს ავსებენ. ამ ორი სექტორის ინტეგრირებამ შეიძლება სუფთა ტექნოლოგიების გამოყენება დააჩქაროს და დეკარბონიზაცია გააძლიეროს“, – ამბობს ექსპერტი, TEHA Group-ის წევრი ლორენცო ტავაცი.
თუმცა დეკარბონიზაციის მიზნით ბირთვული ენერგიის გამოყენებას ბევრი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება. იტალიასა და ევროპაში ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას განსხვავებული პოზიცია აქვს
წყარო: euronewsgeorgia