რამდენიმე დღის წინ „როიტერმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ამ ახალი ფრთოსანი რაკეტის განთავსების ადგილის შესახებ. ამერიკელი მკვლევრების ინფორმაციაზე დაყრდნობით „როიტერი“ წერდა, რომ 9M730 „ბურევესტნიკის“, იმავე ნატოს კლასიფიცირებით SSC-X-9 Skyfall-ის გამშვები ახალი ბაზა 475 კილომეტრის მოშორებით, მოსკოვიდან ჩრდილოეთ მიმართულებაზე მდებარეობს. ამ ყველაფერს ემთხვევა რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარის სერგეი კარაგანოვის განცხადება. მან თქვა, რომ მოსკოვი ბირთვული დოქტრინის ცვლილებაზე მუშაობს და რომ რუსეთს უფლება აქვს მასობრივი განადგურების იარაღით ქვეყნის წინაააღმდეგ იერიშებს უპასუხოს.
„არჩევანი აღარაა დარჩენილი, რუსეთს მოუწევს ბირთვული იერიში მიიტანოს ევროპაზე. მესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს გამოიწვევს, რაც საშინელი ნაბიჯია, მაგრამ ფლობდე ამ იარაღს და არ შეგეძლოს დაარწმუნო ოპონენტები, რომ მზად ხარ გამოიყენო ეს – თვითმკვლელობაა“, – განაცხადა სერგეი კარაგანოვმა.
ექსპერტებისა და სამხედრო მიმომხილველთა ნაწილი თვლის, რომ ეს კრემლის ჩვეული ბირთვული რიტორიკის ნაწილია, რომელიც რეალობასთან არაა ახლოს.
აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილი საკმაოდ დატვირთულია ბირთვული ობიექტებით, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია მაინც არ არსებობს.
საინტერესოა, რას წარმოადგენს ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“. ამ შეიარაღებაზე პირველად ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გაამახვილა ყურადღება. მაშინ კრემლის მეთაურმა გაზვიადებულად ისაუბრა ამ იარაღზე და აღნიშნა, რომ ეს, ფაქტობრივად, უჩინარი ფრთოსანი შეიარაღებაა, რომლითაც მალე აღიჭურვებიან რუსული შენაერთები. როგორც დასავლური კვლევითი ორგანიზაციები წერენ, ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან მიმდინარეობს ამ რაკეტის შექმნის სამუშაოები. ამ რაკეტის არაოფიციალური სახელია „მფრინავი ჩერნობილი“; იარაღის გამოცდა 2018 წლიდან დაიწყო, ესაა ატომური მუხტის მატარებელი ფრთოსანი რაკეტა; მისი სიგრძეა 12 მეტრი (სტარტის დროს), ფრენის მანძილი – 23 000 კილომეტრი, ფრენის სიმაღლე – 25-100 მეტრი. კრემლის მიერ ბოლო დროს გაცხადებული 5 ძირითადი ატომური შეიარაღებიდან „ბურევესტნიკი“ერთ-ერთ საშუალებად დასახელდა. თუმცა სხვა ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, „ბურევესტნიკი“ ის ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს და რადარებისთვის მეტ-ნაკლებად ძნელად შესამჩნევია.
„როიტერი“ გამოქვეყნებულ სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „ბურევესტნიკის“ გაშვების ადგილის აღმოჩენის ფაქტზე, რაც, მისი აზრით, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ამ შეიარაღების არმიაში დამკვიდრების პროგრამას გააგრძელებს. ბოლო წლებში კრემლი, რომელმაც რამდენჯერმე გამოცადა ეს შეიარაღება, ავითარებს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ ძალას. ისიც ცნობილია, რომ პერიოდულად კრემლი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებით სწავლებებსაც მართავდა. 2020 წლის ანგარიშში, რომელიც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა, აღნიშნულია, რომ, თუკი კრემლი „ბურევესტნიკს“ ექსპლუატაციაში წარმატებით შეიყვანს, ეს კრემლისთვის ერთგვარი უნიკალური იარაღი იქნება საკონტინენტთაშორისო მოქმედებებისთვის. თუმცა როგორც მკვლევრები ფიქრობენ, ამ შეიარაღების გამოცდის დროს სულ მცირე 13 წარუმატებელი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი 2019 წელს იყო.
და ბოლოს… რატომ უწოდებენ „ბურევესტნიკს“ „მფრინავ ჩერნობილს“. როგორც ცნობილია, მას აქვს ბირთვული ძრავა, რომელიც ფრენის დროს რადიაციულად აბინძურებს გარემოს. ეს შეიარაღება ასევე შეფასდა, როგორც პუტინის ერთგვარი პოლიტიკური იარაღი დასავლეთზე შთაბეჭდილების მოსახდენად.
წყარო: euronewsgeorgia