დღეს, დილით აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა დრონებით შეტევა კომპანია „გაზპრომის“ საწარმოზე.

პირველი ცნობები აფეთქებების შესახებ სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს. ტელეგრამ-არხმა „ასტრამ“ ხანძრის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

დღის 12 საათისთვის ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურის, რადიი ხაბიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატს“ და საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარია. ხაბიროვის თანახმად, არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

„გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ ტრანსნაციონალური ენერგოკომპანია „გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა და რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ კომპლექსს ფლობს.