ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდან აეცილებინა.
"ახლა ჩვენ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ვაწვდით - მაშინ იგივეს გაკეთება, ომის თავიდან ასაცილებლად შეგვეძლო" – განუცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ FAS-ს.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე NATO-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა. მისი თქმით, ეს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის შიშის გამო მოხდა.
ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან არის შესაძლებელი.
"ამ ომის დასასრულებლად გარკვეულ ეტაპზე კვლავ მოგვიწევს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სიძლიერეს", – თქვა მან.
ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი, იანს სტოლტენბერგი ოქტომბერში NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს დატოვებს, რომელსაც ის 2014 წლიდან იკავებს. ივნისში ორგანიზაციის მომდევნო ხელმძღვანელად ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრი, მარკ რუტე დასახელდა.
წყარო: ფორმულა