კონსულტანტის პოზიცია ყოველთვის გადინებადია და ამას, ბაზარი თავად არეგულირებს, - ამის შესახებ Hualing Group -ის  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, Hualing Plaza-ს კადრების სიმცირის პრობლემა არ აქვს.

"რითეილ სექტორში ყოველთვის რთულია კადრის მოძიება, რადგან საკმაოდ დიდია კადრის გადინება. სწრაფად აღნიშნულზე ვერც ერთ ბიზნესს ვერ ექნება რეაქცია. საცალო ვაჭრობა დღემდე ყველაზე მოთხოვნადია დასაქმების კუთხით. კონსულტანტი ზოგადად გადინებადი კადრია. უფრო ახალგაზრდები არიან დასაქმებულები, რომლებიც სწავლობენ და შემდეგ ბევრი წინაურდება და ა.შ. ჩვენ ვინარჩუნებთ კადრებს და გვაქვს სხვადასხვა ბენეფიტი მათთვის. მათ შორის, ხელფასზე დანამატი, ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრენინგები და სხვ.

საქართველოში კადრების სიმცირეა ყველა მიმართულებით, არამხოლოდ რითეილ სექტორში. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში კადრების სიმცირე არ გვაქვს. კონსულტანტი ზოგადად გადინებადი კადრია და ამას ბაზარი თავად არეგულირებს", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

ცნობისთვის, დასაქმების პლატფორმა Sfero-ს ინფორმაციით, მასიური დასაქმების სექტორით სულ უფრო ნაკლები ადამიანი ინტერესდება და ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია. 

რაც შეეხება  Hualing Group-ს, კომპანიამ საქართველოში ინვესტიციის განხორციელება  2007 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, მათ შორის, Hualing Plaza (თბილისის ზღვის პლაზა) განახორციელა. „თბილისის ზღვის პლაზას“ საერთო სამშენებლო ფართობი 160 000 მ2-ია. სავაჭრო ცენტრი ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა.

bp.ge