კომპანიისთვის „ოლ-პი ჯგუფი“ 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. 16-წლიანი გამოცდილება და ექსპერტიზა კომპანიამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა და უზბეკეთში დაიწყო ოპერირება.

„მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ შევისწავლეთ უზბეკეთის ბაზრის მოთხოვნები და კვლევა საკმაოდ ხანგრძლივი სიღრმისეული იყო, ახალი ქვეყნის ბაზარზე შესვლა მაინც დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. მიხარია, რომ ჩემ ხელთ არსებული სტატისტიკა მაძლევს საშუალებას თამამად განვაცხადო - კომპანიის საერთაშორისო მასშტაბზე გასვლა წარმატებული აღმოჩნდა“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ მაჩალაძე. მისი განმარტებით, კომპანია უზბეკეთში არაერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული და დინამიკურად განაგრძობს უზბეკეთის ბაზრის ათვისებას.

უზბეკეთის  პროექტების პარალელურად, 2023 წელს  „ოლ-პი ჯგუფი“ არ თმობდა მოწინავე პოზიციებს ქართულ სამშენებლო სექტორში. კომპანიამ გააფართოვა სერვისებისა და პროდუქტების ბაზა. „მუდმივი განვითარება ჩვენი მთავარი მახასიათებელია, რომლის შედეგსაც 16 წელია ხედავენ „ოლ-პი ჯგუფის“ დამკვეთები და პარტნიორები. მათ კარგად ახსოვთ, რომ საქმიანობა დავიწყეთ იატაკის ტექნოლოგიებით, სადაც მალევე მოვიპოვეთ ლიდერის სტატუსი. აღნიშნულს კი კომპანიის ახალ ეტაპზე გადასვლა მოჰყვა“, - განმარტავს ნიკოლოზ მაჩალაძე.

ამჟამად „ოლ-პი ჯგუფის“ საქმიანობის სფერო მოიცავს სარემონტო სამუშაოებს, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ჰიდროიზოლაციისა და მოჭიმული იატაკის  სამუშაოებს და რასაკვირველია, ინდუსტრიული (პოლიმერული და პოლირებული) და დეკორატიული იატაკების მოწყობას. 

„2023 წელს განსაკუთრებული მოთხოვნა იყო სარემონტო სამუშაოებზე. აღსანიშნავია, რომ დამკვეთებს ვთავაზობთ პროექტირებისა და ინტერიერის დიზაინის სერვისსაც. შესრულებული პროექტების სიაშია, როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, ასევე კომერციული ობიექტები, მაგ. აზიური რესტორანი და კლუბი “Zen”, ამერიკული ბრენდის  Wendy’s  არაერთი ობიექტი საქართველოს მასშტაბით... სარემონტო სამუშაოები განხორციელდა ასევე  დეველოპერული სექტორის ლიდერი წარმომადგენლების “m²”-სა და „არქის“  დაკვეთით“,- დასძენს „ოლ-პი ჯგუფის“ დირექტორი ნიკოლოზ მაჩალაძე.

მისი თქმით, 2023 წელს სარემონტო სამუშაოების ჭრილში, განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ორი პროდუქტის - მიკროცემენტისა და მინა ბლოკის მიმართ.

„საერთო ჯამში, კომპანიამ 2023 წელს 331 პროექტი განახორციელა. ასევე გააფართოვა დამკვეთთა ბაზა, სადაც დაგვემატა 75 ახალი პარტნიორი“, - აცხადებს მაჩალაძე.

მისივე ინფორმაციით, 2024 წლისთვის კომპანიას ზუსტი და ამბიციური ბიზნეს გეგმები აქვს, რაც ოპერირების არეალისა და სერვისების გაფართოებაში გამოიხატება. „სამშენებლო სექტორისთვის ცნობილია, რომ სწორედ „ოლ-პი ჯგუფმა“ გახადა საქართველოში მოჭიმული იატაკის სამუშაოები მექანიზებული. ჩვენ არ ვწყვეტთ სფეროს განვითარებას, რაც თანამედროვე სამშენებლო სერვისების ჩვენთან სინქრონიზაციაში გამოიხატება. მოჭიმული იატაკის სამუშაოების მიმართულებით ახალ ტექნოლოგიას ვნერგავთ. მსუბუქი მჭიმის მეთოდს გააჩნია მაღალი თბო და ხმის იზოლაციის მაჩვენებელი. პროდუქტი ცეცხლმედეგია. მისი გამოყენებით, მსუბუქდება კონსტრუქცია, რაც მიდგომის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს. აღნიშნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, 2024 წელს, იგი განსაკუთრებით მოთხოვნადი სერვისი იქნება“, - აცხადებს ნიკოლოზ მაჩალაძე.

ამასთან ერთად, 2024 წელს „ოლ-პი ჯგუფი“ ქართული ბაზრისთვის არაერთი ინოვაციური პროდუქტის შემოთავაზებას გეგმავს.