ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია, ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. АМРА- life-ი ოკუპირებულ აფხაზეთში წამსვლელებს მოუწოდებს, რომ ავზები ბოლომდე შეავსონ და თან რამდენიმე „კანისტრა“ საწვავიც იქონიონ, რადგან იქ რამდენიმე ათეული ბენზინგასამართი სადგური არ მუშაობს, მათ შორის არც Роснефть-ის.

Sputnik Abkhazia იუწყება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტის მიზეზი ის არის, რომ ნავთობპროდუქტების ახალი პარტიების იმპორტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეზღუდვებს ექვემდებარება და პრობლემის მოგვარების ზუსტი თარიღები უცნობია. აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს შესაბამის ორგანოებთან რუსეთის ფედერაციაში, თუმცა განმარტებები ჯერ არ მიუღიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის პრობლემა 26 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საწვავის ასოციაციამ უარი განაცხადა Роснефть-თან შეთანხმებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის უნდა გამხდარიყო საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი ოკუპირებულ აფხაზეთში. ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ ეს მონოპოლიზაციას გამოიწვევდა. რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის უფლება მხოლოდ Роснефть-ზე გასცა, ბაზრის სხვა მოთამაშეებს ამის უფლება არ მისცეს.

Sputnik-ის ინფორმაციით, 1-ელი იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის გაყიდვა, 2 ბენზინგასამართი სადგურის გარდა, ყველგან შეწყდა. ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. საწვავის ასოციაციის პრეზიდენტმა არტურ აშუბამ განაცხადა, რომ აფხაზური კომპანიების საწვავის რეზერვები თითქმის ამოიწურა, ხოლო ნავთობპროდუქტების ახალი პარტიების იმპორტი რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ექვემდებარება. ჯერ კიდევ რთულია საწვავის ბაზარზე ვითარების პროგნოზირება, მაგრამ არაა გამორიცხული ამან ოკუპირებულ აფხაზეთში სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს.