ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი მოსკოვის შემდეგ თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში იწყებს ფრენებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს პულკოვოს აეროპორტის კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.

რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ პირდაპირი რეისები 10 დეკემბრიდან დაიწყება. Georgian Airways კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას იფრენს. ფრენა 3 საათი 35 წუთი გაგრძელდება. Georgian Airways-ის ვებგვერდზე თბილისიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით პირველი ფრენა 13 დეკემბერს იძებნება. ბილეთის ფასი 198.07 ევროა. იგივე ფასია იანვარში.