2024 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წელთან შედარებით გაძვირდა.
2024 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 9.3 პროცენტიანი მატება. ამის შესახებ მონაცემებს "საქსტატი" ავრცელებს.
2024 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.3 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.9 პროცენტი), რამაც 1.54 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე (1.9 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (3.6 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 4.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (24.4 პროცენტი);
- დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.68 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (11.8 პროცენტი) და სასმელები (9.1 პროცენტი);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.07 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
ხოლო, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 4.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.5 პროცენტით გაიზარდა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები 14.5 პროცენტით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 4.7 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 13.5 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 9.2 პროცენტიანი ზრდა.