ეროვნულმა ბანკმა აურია. მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას დაუბრუნდა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე წერს და სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს ეხმაურება. მისი თქმით, რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა სერიოზული რისკების წინაშე აღმოჩნდა.

„ეროვნულმა ბანკმა აურია. მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას დაუბრუნდა. ჯერ იყო და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, შემდეგ წარმოუდგენელი მოცულობის რეფინანსირების სესხების გასცა კომერციულ ბანკებზე: 30 მაისს 3,8 მილიარდი ლარი (ისტორიული მაქსიმუმი), 6 ივნისს 3,7 მილიარდი ლარი. პარალელურად, 168 მილიონი დოლარი გაყიდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში( მათ შორის 60 მილიონი დოლარი დღეს) ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად( ანუ უკან ამოიღო დაახლოებით 460 მილიონი ლარი).

ეროვნული ბანკი აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო მანიპულაციებს ეწევა. ამასობაში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 5,2 მილიარდი დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ადეკვატურობის ზღვარს საკმაოდ ჩამოსცდა.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა სერიოზული რისკების წინაშე აღმოჩნდა“, - წერს რომან გოცირიძე.