საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დიდ დიღომში ყინულის სასახლის ასაშენებლად ტენდერს მესამედ აცხადებს. წინა ტენდერებისგან განსხვავებით ცვლილებაა შესული ტექნიკურ დოკუმენტაციაში. წინა ტენდერებისგან განსხვავებით, ახალი დოკუმენტაცია ორის ნაცვლად ერთი ყინულის მოედნის აშენებას ითვალიწინებს.
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება კი დღგ-ს ჩათვლით, 30 მლნ ლარია, განსხვავებით წინა 50 მილიონიანი ტენდერებისგან.
ყინულის მოედნის რაოდენობა - ერთი; ყინულის მოედნის ზომა - 60 მეტრი 30 მეტრზე; მაყურებლების რაოდენობა- არანაკლებ 500; გასახდელების რაოდენობა ძირითად მოედანზე - არანაკლებ 6;
გასაწევი მომსახურება შედგება შემდეგი 5 (ხუთი) ეტაპისაგან: I ეტაპი საძიებო სამუშაოები, საპროექტო ტერიტორიის კვლევის დოკუმენტაცია; II ეტაპი ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; III ეტაპი დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; IV ეტაპი პროექტის შეთანხმება; V ეტაპი სამშენებლო სამუშაოები;
აღნიშნულია, რომ შენობის ინტერიერი და ექსტერიერი მინიმალისტური და ენერგოეფექტური უნდა იყოს. პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის გეგმარების შესაბამისი გამწვანება, სარწყავი სისტემები, დაშვების სისტემები, სამეთვალყურეო სისტემები, გეგმარების შესაბამისად ტერიტორიის შემოღობვის და ტერიტორიის განათების მოწყობის სამუშაოები.
რაც შეეხება წინა ტენდერებს :
ზაფხულში გამოცხადებულ ტენდერზე შეთავაზება სამი კომპანიისგან იქნა მიღებული: ბრიტანია ქონსთრაქშენ-ი, რომელიც პროექტის განხორციელებას 49 მილიონად სთავაზობდა, ამხანაგობა დაგი-ზლატოგრაფ და ამხანაგობა აის პროფეშენალს ენდ პარტნერს, რომელთა შეთავაზება 46 მილიონი იყო. თუმცა როგორც შესყიდვების სააგენტოს საიტიდან ხდება ცნობილი, სამივე კომპანიამ დისკვალიფიკაცია განიცადა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
შემოდგომაზე მეორედ გამოცხადებული ტენდერი, რომელზედაც წინადადებების მიღება 11-16 ოქტომბრის პერიოდში უნდა მომხდარიყო. უარყოფითი შედეგით დასრულდა. მიღებული იყო ერთი შეთავაზება 50 მილიონად ამხანაგობა დაგი-ზლატოგრაფისგან, თუმცა მან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია განიცადა.