თბილისის მერია ნუცუბიძის I მიკრორაიონში მდებარე, 3 კორპუსის შემაერთებელი ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს და ამ მიზნით ტენდერი აქვს გამოცხადებული.  წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყება და 28 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 324 807 ლარია. სამუშაოების შესრულების ვადა 4 თვე, საგარანტიო ვადა კი 3 წელია.

პრეტენდენტს 2019 წ. 1-ელი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ღირებულების ხიდების ან/და გზაგამტარების ან/და ესტაკადების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება,

საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებულია შპს ინჟინერიუსის მიერ

როგორც საპროექტო დოკუმენტაციაშია აღნიშნული ტექნიკური შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დეფექტები:

- ხიდების ლითონის კონსტრუქციებზე, მალის ნაშენზე და ბურჯებზე,დაზიანებული შეღებვის შრე;

- ლითონის კონსტრუქციების ზედაპირული კოროზია;

- ხიდების სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარი დაბზარული და გარკვეულ ადგილებში დაშლილი;

- ხიდების სავალ ნაწილს არ აქვს ჰიდროსაიზოლაციო შრე;

- ხიდების სავალ ნაწილს არ აქვს განივი ქანობები, სარინელის სამკუთხედი.

- ხიდების სავალი ნაწილის რკინაბეტონის ფილებზე შეიმჩნევა გამოტუტვები

- ხიდების სავალი ნაწილის რკინაბეტონის ფილებზე შეიმჩნევა ფრაგმენტულად უბნები დაშლილი დამცავი შრით და არმატურის გაშიშვლებით.

- #3 ხიდის კიბეები დაბზარული და საფეხურები არასტანდარტულია;

- #3 ხიდზე არ არის პანდუსები;

- ხიდი #3 ბურჯებზე როსტვერკის ბეტონი არაერთგვაროვანია, შეინიშნება სიცარიელეები, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის დროს არასათანადო დავიბრირების შედეგს.

- ხიდებზე არ არის განათება;

ხიდების ტექნიკური შეფასებისას არ გამოვლენილა ექსპლუატაციისთვის შეუსაბამო და საშიში დეფექტები და დაზიანებები. ხიდებზე დაფიქსირებული დაზიანებები ექვემდებარება აღმოფხვრას სარეაბილიტაციო ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებით.

როგორც დოკუმენტაციაშია ნათქვამი, რეაბილიტაციისას იგეგმება ასფალტბეტონის საფარის დაშლა, ჰიდროსაიზოლაციო შრის მოწყობა და ტრავერტინის და ბაზალტის ქვის ფილების მიქსით საფარის მოწყობა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ლითონის კონსტრუქციების მთლიანი შეღებვა სპეციალური ანტიკოროზიული საღებავით. ძველი კიბეების ნაცვლად მოეწყობა ახალი კიბეები და პანდუსები. ხიდის რებილიტაცია ითვალისწინებს ხიდზე სპეციალურ განკუთვნილ ადგილებში გამაფრთხილებელი რელიეფური ფილების მოწყობას, შშმ პირებისთვის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხიდებზე, კიბეებზე და პანდუსებზე განათების მოწყობა.

როგორც დოკუმენტაციაშია ნათქვამი, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ხიდი დროებით დაიკეტება და მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ.

შ.ნუცუბიძის I მ/რ კორპ. #213/1, კორპ. 213/2 და ნუცუბიძის I მ/რ. კორ. #3-ის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდები წარმოადგენენ 1974წ. აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის “შატილის” ნაწილს.

საცხოვრებელი კომპლექსი “შატილი” დაპროექტდა და აშენდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. პროექტი შემუშავდა ორგანიზაცია „თბილქალაქპროექტში”, არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით.

სამი თექვსმეტსართულიანი კორპუსი, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზეა აშენებული, ერთმანეთს ლითონის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდით უკავშირდება.ხიდი ნუცუბიძის ქუჩას პირველი მიკრორაიონის ზედა პლატოსთან აკავშირებს. გადასასვლელი ხიდი პირველი კორპუსის მე-14 სართულზე იწყება, გადადის შემდეგი კორპუსის მე-12-ზე და საბოლოოდ უერთდება მესამე კორპუსის მე-10 სართულს საიდანაც  შემდეგ ავტობუსის გაჩერებასთან, საავტომობილო გზას უერთდება.