დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. ასარჩევია 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. უკვე ცნობილია, რომ საოლქო კომისიებში ნეიტრალურ წევრებად სიპებისა და აიპების თანამშრომლები არიან არჩეული, რაც ოპოზიციას უჩენს ეჭვებს, რომ ისინი მათ გადაწყვეტილებებში მიუკერძოებლები ვერ იქნებიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოსალოდნელ მიკერძოებასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს და პროცესის დისკრედიტაციაზე საუბრობს. დღეს ცესკოს წარმომადგენელს მოუწია პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ რა რეაგირება ექნება ცესკოს ნეიტრალურ არჩეულ წევრებზე, თუ ისინი მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
"იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ კონკრეტული პირი დაარღვევს კანონმდებლობას და მიკერძოების ელემენტები გამოჩნდება, ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნება ძალიან მკაცრი," - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების უპრეცედენტო დაკვირვებისთვის ემზადება. კამპანია "შენი ხმა" - ხვალ 6 საათზე დედაენის ბაღში პრეზენტაციას გეგმავს, სადაც საზოგადოებას გააცნობენ გეგმას, თუ როგორ აპირებენ მოქალაქეების არჩევანის დაცვას და დამკვირვებლების რეგისტრაციას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დამკვირვებელი იყოს ყველა უბანზე და "ქართულ ოცნებას" არ მიეცეს არჩევნების გაყალბების და მანიპულაციის საშუალება.
კამპანიაში მონაწილეობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშიაც. მისი თქმით, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.
"ჩვენი ბრძოლა იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი, არ დაწყებულა ჩვენი თაობით. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ხშირად მახვილით და სისხლს ღვრიდნენ, ბიულეტენები უნდა ავლესოთ და მივიდეთ საარჩევნო უბანზე. იმიტომ რომ "ქართულ ოცნებას" ახლა ყველაზე მეტად ეშინია საარჩევნო ყუთთან მისული ადამიანის. ამიტომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ აუცილებლად, მივიდეთ არჩევნებზე, დავრეგისტრირდეთ დამკვირვებლად," - აცხადებს ბექა ყორშია.
წყარო: მთავარი არხი