თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა, მუნიციპალური M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს. ამის შესახებ განცხადება დღეს ქალაქის მერმაც გააკეთა და შესაბამისი განცხადება სატრანსპორტო კომისიის საიტზეც განთავსდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ანაზღაურება გამომუშავებით, საშუალოდ თვეში - 2500 - 3000 ლარი იქნება. რაც შეეხება სამუშაო გრაფიკს აქ მითითებულია, რომ მძღოლებს ცვლაში მუშაობა მოუწევთ.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რას გულისხმობს ცვლაში მუშაობა და რამდენი საათი მუშაობენ ავტობუსის მძღოლები, რომლებიც ათეულობით მგზავრის უსაფრთხო გადაყვანაზე არიან პასუხისმგებელი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის ლელა სეთურიძის თქმით, დღეისათვის ავტობუსის მძღოლებს 2 ტიპის სამუშაო განრიგი აქვთ - 8-საათიანი და ერთი სრული დღით, რომელიც დაახლოებით 16-საათიან სამუშაო დღეს გულისხმობს. მისი თქმით, 16-საათიანი განრიგის შემთხვევაში, მეორე დღეს მძღოლები ერთი სრული სამუშაო დღე ისვენებენ.
ჩვენს კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა მგზავრებისთვის 16-საათიანი სამუშაო განრიგით მომუშავე ავტობუსის მძღოლი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით მიიღეს რეკომენდაციები და ეტაპობრივად გადადიან 8-საათიან სამუშაო დღეზე, თუმცა, როდის ექნება ყველა მძღოლს 8-საათიანი სამუშაო დღე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ.
„ჩვენ გვყავს 2 ტიპის სამუშაო განრიგზე მომუშავე ავტობუსის მძღოლები. არის 8-საათიანი სამუშაო განრიგიდა ცვლაში მომუშავე მძღოლების განრიგი - იწყებენ დილის 7 საათზე და საღამოს შეიძლება 6 საათზეც მოუწიოთ მუშაობის დასრულება, ზოგიერთის სამუშაო დღე 11 საათისკენ სრულდება, რის შემდეგაც ავტობუსი შეჰყავთ ბაზაში და ერთი სრული სამუშაო დღე ისვენებენ.
-გამოდის, რომ დღეში დაახლოებით 16 საათი მუშაობენ?
კი, მაგრამ მთელი დღის მუშაობის განრიგი ისე არის აწყობილი, რომ შრომით კოდექსში დაგეგმილ საათებს არ გადავაჭარბოთ.
-კვირის განმავლობაში შესაძლოა არ არის გადაჭარბებული სამუშაო საათების რაოდენობა, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ავტობუსის მძღოლების 16-საათიანი სამუშაო გრაფიკი მგზავრებისთვის?
ასე იყო მუდმივად, მაგრამ რეკომენდაციების შედეგად ჩვენ 8-საათიან სამუშაო განრიგზე გადავდივართ. რამდენიმე მარშრუტს სატესტო რეჟიმში ვამუშავებთ და ეტაპობრივად ყველა მძღოლი გადავა 8-საათიან განრიგზე. ვადებს ვერ გიკონკრეტებთ“, - განაცხადა ლელა სეთურიძემ.
მძღოლების 16 საათიანი სამუშაო გრაფიკის შესახებ კომერსანტი რამდენიმე წლის წინაც წერდა. მაშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი შარკოვი აცხადებდა, რომ გრაფიკი, რომლითაც კომპანიაში მუშაობდნენ, ავტობუსის მძღოლების მოთხოვნით იყო დადგენილი. თუმცა კომპანია საკითხის მოგვარებაზე უკვე მუშაობდა და მძღოლებს 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე უახლოეს მომავალში გადაიყვანდნენ.
როგორია საკითხთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის პოზიცია - „კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს.