დედაქალაქში წყლის მიწოდების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტობრივად მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა, მიზეზად კი მუდმივად ავარიული მდგომარეობა სახელდება, რასაც ბოლო არ უჩანს. ასეთ ქაოსს იწვევს ის ფაქტორიც, რომ სფეროში კონკურენცია მინიმალურ დონეზეც არ არის და ამ დროს არც კომპანიები ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც „ჯივიპის" მაგალითზე ერთხელ კიდევ გამოჩნდა. ცხელ ზაფხულში თბილისის რამდენიმე უბანში მიწოდება შეფერხებით ხდებოდა და ხალხი რამდენიმე დღის განმავლობასი უწყლოდ იყო დარჩენილი.
პრობლემას ეხმაურებიან სპეციალისტებიც და წყლის მიწოდების მიზეზად ქსელების გაუმართაობას ასახელებენ. „საქართველოს ეროვნული პარტნიორობის" თავმჯდომარე გიორგი ზამუკაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ კომუნალურ მომსახურებაში მონოპოლიური მდგომარეობის გამო მომხმარებელთა უფლებები ირღვევა. ადამიანებს არჩევანის საშუალება არ აქვთ და ხშირად გამოუვალი მდგომარეობის პირისპირ რჩებიან.
„ჯივიპის აბონენტებისთვის ზაფხულის პერიოდი ნამდვილად რთული იყო, რადგან გარკვეულ პერიოდებში წყლის მიწოდების პრობლემა არსებობდა და დისკომფორტს იწვევდა. ქსელის გაუმართაობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც წყლის ხარისხიანი მიწოდება ვერ ხერხდება. რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. ძველი ქსელების გამოცვლა ხდება. რაც თბილისის შემოგარენის შემოერთება მოხდა, ამანაც გაართულა მდგომარეობა, რადგან ქსელები ხშირ შემთხვევაში ამორტიზებული იყო და კომპანიას ბევრი სამუშაო დაემატა. ცხადია, ეს პასუხისმგებლობიდან არ ათავისუფლებს, რადგან მეტი წესრიგია საჭირო, რომ ვალდებულებები შესრულდეს. მუდმივად ხდება მცირე ავარიები და ეს დიდ დისკომფორტს იწვევს. მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, სად რა სამუშაოა განსახორციელებელი და როგორ სრულდება გეგმა. რომ წინასწარ ვიცოდეთ, როდის არის გეგმური სამუშაოები ჩასატარებელი, ხელშეკრულებით როგორც არის ისე, კეთდება, რაზეც მერიასა და კერძო კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმებულია, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ დეტალები ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა გიორგი ზამუკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, მოსახლეობისთვის წყლის ხარისხის შესახებ უცნობია, რადგან ლაბორატორიულ კვლევებზე ხალხს ხელი არ მიუწვდება, ხოლო სპეციალური აპარატებით აღჭურვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
„წყალი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, დიდი რესურსი, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. კერძო დასახლებებში რომ გაივლით, პირდაპირ წყლის მილებია მიერთებული ბოსტნებთან, სადაც მუდმივად მიედინება წყალი, საზოგადოებრივი თვითშეგნების საკითხია. არც კომპანიას აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და არც - მომხმარებელს, ამიტომ არის ეს მდგომარეობა. ცალკე პრობლემაა წყლის ხარისხი, ლაბორატორიები გამართულად მუშაობენ, მაგრამ კერძო პირს რომ მოუნდეს, ძალიან ძვირი ჯდება შემოწმება და რეალურად ვერც ახერხებენ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას სვამს, ხარისხის მხრივ ტექნოლოგიებიც დაიხვეწა და ტექნიკაც არსებობს, მაგრამ მისი შეძენის საშუალება ბევრს არ აქვს. მთლიანობაში, არაერთი პრობლემაა, რაც გადაუდებლად საჭიროებს მოგვარებას, რომ წყლის მიწოდების და ხარისხის კუთხით კითხვის ნიშნები მოიხსნას", - დასძინა ზამუკაშვილმა.
ეკონომისტები წყლის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ხმამაღლა საუბრობენ. მათი შეფასებით, სექტორში ბუნებრივი მონოპოლია და განუკითხაობაა, რომლის პირობებშიც მომხმარებლების უფლებები უხეშად ირღვევა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს შექმნილი კომუნალური მომსახურების სფეროშიც, რომ ადამიანებს პროვაიდერების არჩევა შეეძლოთ.
ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, შეუსრულებელი ვალდებულებების და კონკრეტული დარღვევების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი და რეაგირებაც უმკაცრესი უნდა იყოს, რომ მოსახლეობას წყლის მიწოდების უკეთესი პირობები ჰქონდეს.
„არც ერთ ფაქტზე, რაც მომხმარებელთა უფლებებს აზიანებს, არავინ ისჯება, ამიტომ განუკითხაობას ზღვარი არ აქვს. სანქციები არ არის გამოსავალი, კომპანია გადაიხდის ჯარიმას და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, კონტროლი და რეაგირებაც უნდა იყოს მკაცრი. კომუნალურ კომპანიებს დაზიანების პრევენცია უნდა დაევალოთ. ყველა იმით არის დაინტერესებული, რომ მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური მოგება. სახელმწიფომ ამ დროს, ელემენტარულად, თითი დაუქნიოს და უთხრას, რომ ასე არ შეიძლება. მაგალითად, როგორც ხდება 'ჯივიპის" შემთხვევაში, ხშირად იზღუდება წყლის მიწოდება და არავინ არის პასუხისმგებელი, დარგში ბუნებრივი მონოპოლიაა და ძალიან რთულია, პასუხი ვინმეს მოვთხოვოთ. ისე არ ხდება, რომ რომელიმე სხვა კომპანიამ გადათხაროს თბილისი და წყალგაყვანილობა ცვალოს. ეს ვალდებულება „ჯივიპიმ" აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ არ შეასრულა. ამიტომ აუცილებელია, მკაცრი ზედამხედველობა ხორციელდებოდეს, ამისთვის არსებობს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომპანიები, რომლებიც შექმნის დღიდან საკუთარ მოვალეობებს თავს ვერ ართმევენ და არ ასრულებენ. წყლის მილები დაზიანდა იმიტომ, რომ თავის დროზე უხარისხოდ შესრულდა სამუშაო, არ შეიძლება ასე სისტემატურად ზიანდებოდეს გაყვანილობა, ინვესტირება არ ხდება, როგორც საჭიროა, რის ვალდებულებაც აქვს კომპანიას, სრული განუკითხაობაა", - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.
წყლის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ თბილისელებიც, რომელთა თქმითაც, ზაფხულში წყალი ხშირად წყდებოდა და ამაზე წინასწარ შეტყობინებასაც ვერ იღებდნენ, რამაც მოსახლეობა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა.
ვარკეთილის მკვიდრი ლუიზა სარია ამბობს, რომ დასვენება ვერ მოახერხა, თბილისში დარჩენა კი აუტანელი გაუხდა უწყლობის გამო, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში შეზღუდვები იყო.
„წყლის მიწოდება ნამდვილად თავსატეხად გვიქციეს, ამ ზაფხულში გასვლა ვერ მოვახერხე, ხოლო უწყლობამ თბილისში დარჩენა ჯოჯოხეთად მიქცია. განსაკუთრებით შაბათ-კვირაობით წყლის გათიშვა არის დიდი უპასუხისმგებლობა, რასაც აბონენტების მიმართ კომპანია იჩენს. ცხელ ხაზზეც ხშირად არ პასუხობენ ან არაადეკვატურ პასუხს იძლევიან. არასდროს არ იციან, სად როდის აღდგება წყლის მიწოდება, ბოდიშით შემოიფარგლებიან. ეს არ არის ადამიანური მიდგომა, რაღაც ზომები უნდა გაამკაცრონ, რომ წყლით სარგებლობა ნორმალურად შეგვეძლოს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია. არ მესმის, რით ვერ დასრულდა ეს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, ამდენი გადასახადებია და მომსახურების სერვისი ნულის დონეზე აქვთ, ეს წარმოუდგენელია", - აღნიშნავს თბილისელმა მოქალაქე.
წყარო: რეზონანსი