15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებოდათ. დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ მათ უღირთ, სტუდენტს, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება.

თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ხელისუფლების ამ პირობას არ თანხმდებიან და აცხადებენ, რომ სტუდენტების მხარდაჭერას შიდა რესურსით გააგრძელებენ.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ უნივერსიტეტები რომლებიც ამაში ჩაერთნენ, ვერც კი ხვდებიან მომავალში როგორ გაუჭირდებათ სწავლის საფასურის ამოღება.

„მოგეხსენებათ ორმა უნივერსიტეტმა უარი თქვა ასეთ შემოთავაზებაზე, ეს ყოველმხრივ არასწორია. ჯერ ერთი, ფინანსური თვალსაზრისით ძალიან დიდი სისულელეა ამის გაკეთება უნივერსიტეტის მხრიდან, მეორე რას ვასწავლით სტუდენტებს? - რომ შეუძლიათ ვალი აიღონ და მერე არ გადაიხადონ? 

ჩვენ ვართ საგანმანათლებლო ინსტიტუტები და უნდა ვასწავლოთ, მთავრობა რაც გვყავს ვხედავთ და მათგან სტუდენტი კარგს არაფერს არ ისწავლის, მაგრამ ჩვენც ხომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე, ამით ფაქტობრივად ვეუბნებით სტუდენტებს, რომ არაუშავს თუ მოიტყუებით, ვალდებულებას აიღებთ და მერე თუ არ შეასრულებთ - ეს ძალიან ცუდი მაგალითი იქნება ჩვენი მხრიდან.

უნივერსიტეტები რომლებიც ამაში ჩაერთნენ, კერძოზე მაქვს აქ საუბარი, თორემ სახელმწიფო ისედაც ბიუჯეტის კმაყოფაზეა, ვერც კი ხვდებიან ფინანსური თვალსაზრისით მომავალში როგორ გაუჭირდებათ სწავლის საფასურის ამოღება. კერძო უნივერსიტეტები ტაშით რომ შეხვდნენ ამ ამბავს ძირითადად აჩვენებს იმას, რომ შეშინებულები არიან, უნივერსიტეტების ხელმძღვანელებსაც კი არ აქვთ იმის მამაცობა რომ რასაც ფიქრობენ ისე მოიქცნენ“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.