გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერსდეს ყველა დეტალით.

“ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი.

ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს