ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მკვიდრთა უწყვეტ აქციაზე პირი უკვე ხუთმა ადამიანმა ამოიკერა.
სოფელ შუქრუთის მკვიდრი ჯამბულ მაჭარაშვილი აქციის მეხუთე მონაწილეა, რომელმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ზვიად პაპიძემ, ამირან შეყილაძემ, ჯუმბერ ცუცქირიძემ და გიორგი ბიწაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას წინა კვირაში მიმართეს და პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვა მოითხოვეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების შესასვლელთან, აქცია უკვე მეექვსე თვეა იმართება. სოფელ შუქრუთში მცხოვრები 35-მდე ოჯახის წარმომადგენლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ და უკვე 179-ე დღეა, რაც კარავში ათევენ ღამეს.
აქციის მონაწილეებს პიკეტირებული აქვთ მაღაროს შესასვლელი და 14 მარტის შემდეგ, კომპანიას წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობას არ აძლევენ.
შუქრუთელების უწყვეტი საპროტესტო აქცია 11 სექტემბრიდან თბილისში პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.
„ვითხოვთ სამართლიანობას“, „ნუ გვინგრევთ სახლებს“, „ვითხოვთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობას“, „ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება“, „არა ჩერნობილიზაციას“, „ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად“ - ამ შინაარსის პლაკატები აქციის მონაწილეებმა, დანგრეული სახლების ფოტოებთან ერთად, მაღაროს შესასვლელთან გამოფინეს.
პროტესტის მონაწილეები იმ პირობების შესრულებას ითხოვენ, რომლებიც 2021 წელს [ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ] კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს. მათ შორის არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მათი ქონების წელიწადში ორჯერ შეფასება და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კომპენსაციების მიღება. დაზარალებულებს სახლები, 2017 წლიდან, მადნის მოპოვების შედეგად ენგრევათ, ხოლო მათ ეზოებსა და ბაღ-ვენახებში მიწა ჩავარდა.
ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენის მიზნით, შუქრუთელები აპირებდნენ, რომ 24 აგვისტოს აქცია გაემართათ სოფელ ჭორვილაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ, მათ შორის - პოლიციელების წინააღმდეგობის გამო.
მანამდე, მადნის მოპოვებით დაზარალებულ შუქრუთელებს სასამართლომ კოროხნალის მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ექსკლუზიური კონტრაქტორის, კომპანია „მაღაროელის“ სარჩელის საფუძველზე. მათ „მაღაროელი“ ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და 5.5 მილიონზე მეტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
შპს „მაღაროელმა“ აქციების ხუთი მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიის დირექტორის ბრძანება გათავისუფლებულებს 6 სექტემბერს ჩაბარდათ. ზურაბ ბაძგარაძის ბრძანებაში წერია, რომ დასაქმებულმა „ჩაიდინეს ქმედება, რომელიც მიმართულია კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხებისა და ზიანის მიყენებისთვის“, რაც შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევაა.
აქციის სამ მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილის და მალხაზ ლაბაძეს, პროკურატურის მოთხოვნით, საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ივანე ყიფიანმა 5 აგვისტოს 1000-1000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. საგამოძიებო ორგანო აქციის მონაწილეებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რადიო თავისუფლებამ არაერთხელ სცადა შპს „მაღაროელთან“ დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. ბოლო სატელეფონო საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ მარკეტინგის სამსახურის თანამშრომელი თავად დაგვიკავშირდებოდა. კომპანიისგან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
წყარო: რადიო თავისუფლება