კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გრძელიშვილი, გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის ოფისში (OFCOM), ბრიტანელ კოლეგებს შეხვდნენ. სამუშაო ვიზიტი OFCOM-თან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მედიაწიგნიერების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. შეხვედრაზე განხილული იყო მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიის შემუშავების, კვლევების განხორციელებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, OFCOM-ის სპეციალური მოწვევით, ComCom-ის წარმომადგენლებმა გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის სამუშაო შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა, სადაც, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს. OFCOM-ის შეფასებით, ComCom-ის ძალისხმევა მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და ამასთან ერთად, შთამბეჭდავია კომისიის ის შედეგი, რასაც მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაო შეხვედრაში, დიდ ბრიტანეთში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე 15-მდე ორგანიზაციაც მონაწილეობდა.

ComCom-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები ასევე გამართეს გაერთიანებული სამეფოს ციფრული საკითხების, მედიის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მედიაწიგნიერების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, BBC-ის მედიაწიგნიერების პროექტებისა და ინიციატივების პროდიუსერთან და "The Guardian Foundation"-ის მედიაწიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, განხილული იყო აღნიშნულ ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც.