რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ საქართველოს ტურიზმზე უცხოური სანქციების გავლენაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესება გავლენას იქონიებს არა მხოლოდ სანქცირებული პირებზე, არამედ მთელი ქვეყნის იმიჯსა და ეკონომიკაზე, რაც ლოგიკურად გამოიხატება დასავლეთიდან ტურისტების რიცხვის შემცირებაში.

„გამოცხადდა სანქციების პირველი ტრანში და ეს ქვეყნისთვის უმძიმესია. ეს არ ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, ვინც მოხვდება ამ სიაში. ეს არის ქვეყნისთვის უნდობლობის გამოცხადების ფაქტორი.

თუ ვინმეს ჰქონდა ინვესტიციის პირველი განხორციელების სურვილი, ახლა მინიმუმ კითხვა უჩნდება, თუ არ უქმდება.

რაც შეეხება ტურიზმს, იმ ქვეყანაში, სადაც არასტაბილური მდგომარეობაა და ჯერ კიდევ გასარკვევია, საით მიდის, დასასვენებლად წასვლის სურვილი არ უჩნდება ადამიანს. დასვენება ნიშნავს მყუდრო გარემოს და იმისთვის, რომ ქვეყანაში დასასვენებლად ჩავიდეს ტურისტი, იქ შესაბამისი პირობები უნდა იყოს. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ტურისტული ქვეყანა ან ისეთი, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს ამ მიმართულებით, ამიტომ თავშეკავების ფაქტორი, რა თქმა უნდა, მძაფრდება.

იმის გათვალისწინებით, რასაც აპრილ-მაისში და ივნისში ვხედავთ, რთული წარმოსადგენია, რომ ტურისტული სეზონი დასრულდეს იმ მაჩვენებლებით, რომელიც მოსალოდნელი იყო. ჩვენთან ტურისტული სეზონი უფრო აქტიურია 15 ივლისიდან ხოლმე და ჯერ კიდევ იმედი არის, მაგრამ ვეღარ ვფიქრობთ, რომ მივიღებთ იმ ტურისტებს, რომლებიც ჩვენთვის მიზანშეწონილი იყო“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ხელისუფლებამ უარი თქვას ე.წ. რუსულ კანონზე და ქვეყანა 29 აპრილამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდეს.

,,ტურისტები საკმაო რაოდენობითაც რომ გვყავდნენ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, შემოსავალი, რომელსაც მივიღებთ, აღარ იქნება იმდენად დიდი. გაძვირდება სამომხმარებლო პროდუქტები, ბანკები საერთაშორისო სესხებზე ვეღარ მიიღებენ იმ პროცენტს, რომლის მიღების საშუალებაც სანქციების დაწესებამდე იყო. ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, აუცილებელია, სანამ დროა, მოხდეს უარის თქმა ამ კანონზე და დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, რომელიც ქვეყანაში 29 აპრილამდე იყო.

რაც შეეხება იმას, შეძლებს თუ არა შიდა ტურიზმი, საერთაშორისო მოგზაურების სიმცირის დაბალანსების, ჩვენ ეს პერიოდი უკვე გავიარეთ პანდემიის დროს. მაშინ იყო გადაადგილების აკრძალვა და ეს იყო მოცემულობა, ახლა კი, ვისაც დასვენება სურს, ის წავა საზღვარგარეთ და შიდა ტურიზმის განვითარების ტემპი დაბალი იქნება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

როგორც მან განმარტა, რადგან დასავლეთიდან ტურისტების დიდი რიცხვის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს და ჩინეთთანაც ტურიზმის აწყობას რამდენიმე წელი დასჭირდება, მიმდინარე სეზონზე საქართველოში რუსი ტურისტების სიმრავლეს უნდა ველოდეთ, მაგრამ ისინი არ არის ტურისტები, რომლებიც საქართველოს სჭირდება.

,,მცირე დადებით როლს ითამაშებს ჩვენი გასვლა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თუმცა, როდესაც ამის პირისპირ არის სანქციები და ლარის მკვეთრი გაუფასურება, ამას ვერცერთი გოლი და ვერცერთი გამარჯვება, ეკონომიკისთვის, სამწუხაროდ ვერ გადაწონის.

მიმდინარე სეზონზე, როგორც ვხედავთ, ვერ გვექნება დასავლეთიდან ტურისტების დიდი რიცხვის მოლოდინი. ისევ გვრჩება გალფ-ის ქვეყნები და ჩინეთი. თუმცა, ჩინეთთან ტურიზმის აწყობას 5 წელი მაინც სჭირდება. ჩინელ ტურისტს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ყველა წუთი დაგეგმოს, გადაადგილების თუ სერვისების მიღების თვალსაზრისით და არის კარი გახსნილი რუსეთისთვის. ალბათ, რუსეთიდან ტურისტების იმედი აქვს მთავრობას, მაგრამ რუსი ტურისტები არ არიან ისეთი ტურისტები, როგორიც საქართველოს სჭირდება ანუ ისინი არ არიან მაღალმხარჯველუნარიანი მოგზაურები“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.