"ხშირად, ინდოელი მომხმარებლები აქ დაფუძნებულ ინდოელ ტუროპერატორებთან თანამშრომლობენ და ქართული ტურისტული სააგენტოები განზე ვდგავართ", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სააგენტოს “ოდა დიემსის" დამფუძნებელი, ვიკა შარია საუბრობს და ხაზს უსვამს იმ უკონტროლო მექანიზმებს, რისი საშუალებითაც უცხოელი ტუროპერატორები ქართველი ტუროპერატორების კონკურენტებად იქცევიან.
„ძალიან ბევრი მუშაობს ინდოეთზე და ჩემი ღრმა პატივისცემა ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ მე პირადად ეს ბაზარი არ მაინტერესებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინდოელი ტურისტი მხოლოდ ინდოელ ტუროპერატორთან მუშაობს, რაც ქართულ კომპანიებს მიღმა ტოვებს. ასევე, არის ქართული კომპანიები, რომლებიც ინდოეთში რეგისტრირებულ, მას ტურიზმზე გათვლილი კომპანიების შვილობილია. შედეგად, ფული ინდოეთში რეგისტრირებულ ტურისტულ სააგენტოებში რჩება, საქართველოში კი მხოლოდ ზედაპირული ხარჯები შემოდის. ასეთ დროს ჩნდება კითხვა – ეს ბიზნესმოდელი მოგებიანია, თუ წაგებიანია გრძელვადიან პერსპექტივაში? “, - ამბობს შარია.
მისივე ცნობით, იმის მიუხედავად, რომ სასტუმროს ძალიან ბევრი ხარჯი აქვს, როგორიცაა ადმინისტრაციული ხარჯი, შენობის შენახვის ხარჯი და ა.შ. ტურისტული ობიექტები სერვისს მაინც ძალიან დაბალ ფასად ყიდიან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მის მოგებიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ის ასევე დასძენს, რომ სამომავლო გეგმების დასახვის ეშინია, ვინაიდან 25 წელი თუ ქვეყანას დასავლური კურსი ჰქონდა, ახლა გადაწყდა, რომ საქართველოსთვის სამიზნე სეგმენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია.
"25 წელი თუ დასავლურ, პროატლანტიკური კურსისკენ მივდიოდით და რეგიონში ფლაგმანური ქვეყანა ვიყავით, რომელსაც საოცარი მესიჯბოქსი ჰქონდა, ახლა ვექტორი სრულიად შეიცვალა და თურმე ჩვენი ძირითადი სამიზნე სეგმენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები - ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთია, სადაც ომი დაიწყო და კაცმა უწყის ახლა იქიდან რას იზამს ეს ტურიზმი.
ისრაელი კარგი ბატონო, ჩვენი მუდმივი სტუმარია და არის რამდენიმე ტურისტული, რომელიც წლებია მუშაობს ამ ბაზარზე. ეს ჩვენთვის ტრადიციული ბაზარია. სტაბილური ბაზარია და ტურიზმში მთავარია სტაბილურობა. აბა სხვანაირად როგორ გინდა რაიმე გეგმა დასახო, გაფართოვდე. ვერ ვსახავ სამომავლოდ გეგმებს", - ამბობს სააგენტოს “ოდა დიემსის" დამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, გამოწვევების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია რომ მთავრობა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების პირისპირ დასხდეს და არსებული პრობლემები მოისმინოს.
"ნება არის საჭირო იმის, რომ მთავრობა, კერძოდ ტურიზმის დეპარტამენტი ჩვენთან დასხდეს და მოგვისმინოს. გაიგოს მაინც ყველა ის პრობლემა, რაზედაც ვსაუბრობთ.
საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმზე სარეკლამო რგოლი გამოვიდა - რომელ სათავგადასავლო ტურიზმზეა საუბარი? ბილიკი აღარ არის, აბრა აღარ არის მონიშნული, ჩამოირეცხა. საპირფარეშოები საშინელ მდგომარეობაშია, საშინელი რიგები, კონფლიქტები სტუმრების წინ. ანუ ძალიან ბევრი პრობლემაა. ქვეყნის გარეკლამება მას შემდეგ უნდა მოხდეს, როდესაც ქვეყანაში დალაგდება პრობლემები", - აცხადებს ვიკა შარია.