მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ში პროგნოზირებენ, რომ უცხოელი სტუმრების კუთხით შემოდგომის სეზონიც წარმატებული იქნება. McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი აცხადებს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონზე სასტუმროების დატვირთულობა საკმაოდ მაღალია.


„ამ ეტაპზე აგვისტოს დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალ დატვირთულობაში ვგულისხმობ 90%-ზე მეტ მაჩვენებლებს. არის დღეები, როცა ყველა ნომერი დაკავებულია და სასტუმროები 100%-ით ივსება. აქ საუბარია არამხოლოდ ბათუმის, ასევე თბილისის სასტუმროებზეც. ამაზე კი განსაკუთრებული გავლენა იქონია სხვადასხვა ღონისძიებებმა. მოგეხსენებათ, რომ ივლისში რამდენიმე დღე დაფიქსირდა, როდესაც 100%-ით დატვირთული იყო არამხოლოდ ჩვენი მართვის ქვეშ, არამედ მთელი თბილისის მასშტაბით არსებულ სასტუმროებში. იგივე სიტუაციაა აგვისტოზე ბათუმშიც. არის თარიღები, როდესაც უკვე წინასწარ 100%-ითაა შევსებული“, - ამბობს მაია წერეთელი.


McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტურისტების დიდი წილი აზიიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებზე მოდის. მისივე თქმით, შემოდგომის სეზონზე თბილისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 


„უცხოელი სტუმრების გეოგრაფია კვლავ იგივე რჩება. უმეტესი ჩამოდიან აზიის ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა არის ბევრი ევროპელი სტუმარი, მათ შორის გაზრდილია ვიზიტები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან და ასევე შეინიშნება ზრდა ბრიტანეთიდან. ჯავშნების კუთხით დიდი მოთხოვნაა. ამიტომ კარგ შემოდგომას ველოდებით“, - აცხადებს მაია წერეთელი.