ტურიზმისთვის პოლიტიკური პროცესები ხელშემშლელი არ არის, პირველი 2 კვარტლის მონაცემები ამას ადასტურებს, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, 2024 წელი ტურისტული კუთხით ძალიან კარგი წელი იქნება.
"მთლიანობაში ტურისტული კუთხით ძალიან წარმატებული წელი იყო. წლის ბოლომდე ველოდებით შემოსავლებში გადაჭარბებას, ხოლო ტურისტების რაოდენობაში ჯერ კიდევ აღდგენის დინამიკაში ვიქნებით, თუმცა 85%-ზე მაინც ავალთ. პირველ 2 კვარტალში იყო რეკორდული შემოსავალი - 1.9 მლრდ. აშშ დოლარი, რაც ასეც ვივარაუდეთ. ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში 2024 წელი იქნება ძალიან კარგი.
გვაქვს იმედი, რომ მთელი წელი ტურისტულად აქტიური იქნება, რადგან მიმდინარე მოვლენები ყველა ქვეყანაში ხდება და ეს ტურიზმს არ უშლის ხოლმე ხელს. პოლიტიკური პროცესები ხელშემშლელი არ არის, პირველი 2 კვარტალის მონაცემები ამას ადასტურებს და ზაფხულის მონაცემებიც ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი", - განაცხადა მაია ომიაძემ.
რაც შეეხება სექტორში არსებულ გამოწვევებს - ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რაც მეტს აკეთებ, გამოწვევების ნაწილში გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
"მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ფრენები ემატება, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება ყოველთვის საჭიროა. პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით შეიცვალა მოგზაურობის სტილი და ადამიანები სხვა ავთენტიკურ თავგადასავლებს ეძებენ და საქართველო ამისთვის ძალიან კარგი ადგილია", - აღნიშნა მან.