ავსტრალიის მთავრობა მომავალ არჩევნებამდე კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელმაც სოციალური ქსელების გამოყენება უნდა დაარეგულიროს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
კერძოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის განცხადებით, სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვები დაწესდება.
კანონპროექტის დეტალები ჯერ უცნობია. თუმცა, ყოფილი მთავარი მოსამართლის, რობერტ ფრენჩის ანგარიშზე დაყრდნობით The Guardian ვარაუდობს, რომ ონლაინ პლატფორმები 14 წლამდე ბავშვების შესვლას აკრძალავენ, ხოლო 14 ან 15 წლის ბავშვებისთვის სერვისით სარგებლობის უფლების მისანიჭებლად მშობლების თანხმობა იქნება საჭირო.
ინიციატივას სამხრეთ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი პიტერ მალინაუსკასიც მიემხრო. მისი თქმით, „კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ მედიაზე ადრეული წვდომა დამოკიდებულებას იწვევს და შვილებისთვის საზიანოა, რაც სიგარეტისგან ან ალკოჰოლისგან არაფრით განსხვავდება”.
ცნობისთივს, ივნისში აშშ-ის მთავარმა ქირურგმა, ვივეკ მერთიმ კონგრესს მოუწოდა, სოციალური მედიის პლატფორმები დაავალდებულონ, ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ისეთივე გამაფრთხილებელი ნიშნები ჰქონდეთ, როგორც სიგარეტის შეკვრაზეა. ექიმის განცხადებით, სოციალური მედია მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზის “მნიშვნელოვანი ფაქტორია.”