ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ლატვიის რომელიმე ქალაქის რუსულ ან ბელარუსულ მუნიციპალიტეტთან დაძმობილების შეთანხმების არსებობას, თუმცა, როგორც „ლატვიის რადიო” იუწყება, ამ რეალობის თავიდან ასაცილებლად კანონის შემუშავება იგეგმება.
2022 წლამდე რუსულ და ბელარუსულ მუნიციპალიტეტებთან დაახლოებით 20 ლატვიური ქალაქი იყო დაძმობილებული. შეთანხმებით გათვალისწინებული იყო ტურიზმის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტირების, ჯანდაცვის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ლატვიურმა მხარემ ყველა არსებული შეთანხმება შეაჩერა.
თანამშრომლობის ამ ფორმაზე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ლატვიაში უკრაინის ელჩმა ანატოლი კუცევოლმა, რომელიც სეიმის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში კანონში ცვლილებების გზით ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის ბოლომდე გამორიცხვას ითხოვდა. ასეთი ფორმის თანამშრომლობის ფორმალურად არსებობაც კი გასაკიცხი და საშიშია, - განუცხადა კუცევოლმა კომიტეტის დეპუტატებს ოთხშაბათს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ომი უკრაინაში გრძელდება და რუსეთს და ბელარუსს ამ საკანონმდებლო ხვრელების თავის სასარგებლოდ გამოყენება შეუძლიათ. დაძმობილების შეთანხმების განახლებით ან არ შეწყვეტით ლატვიის მუნიციპალიტეტები ამ ქვეყნებს დეზინფორმაციის და მათთვის სასარგებლო ნარატივების გავრცელების საშუალებას აძლევენ.”
ამ დროისთვის არ დასტურდება ინფორმაცია რომ ლატვიაში რომელიმე ადგილობრივ მთავრობას კვლავაც აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება რუსულ ან ბელარუსულ მუნიციპალიტეტებთან, - განაცხადა ლატვიის ადგილობრივ მთავრობათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გინტს კამინსკისმა.
„ომის პირველივე დღეებში სწორედ ჩვენ მოვუწოდეთ ყველა მუნიციპალიტეტს მსგავსი შეთანხმებების გაწყვეტისკენ და თუ ასეთი შეთანხმება კვლავაც არსებობს, მინდა ეს მოწოდება გავიმეორო. რა თქმა უნდა, შესაძლებელი უნდა იყოს კონტრაქტების შეწყვეტის კონტროლი მათთვის, ვისაც არ ესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ცალსახად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის კანონით.”
სეიმის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მმართველობის კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჭკვიანი მოწყობისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებებს არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას მოსთხოვენ.
წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი