შვეიცარიელ მილიარდერს, ნიკოლას პუეჩს, ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს კაცს, მებაღის შვილად აყვანა სურს, რათა მას თავისი ქონება უანდერძოს. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა La Tribune de Genève იტყობინება.
80 წლის პუეჩი Hermès-ის მოდის სახლის დამფუძნებლის შთამომავალია. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 11 მილიარდ დოლარზე მეტია. ამასთან, შვეიცარიელს არც ცოლი ჰყავს და არც შვილები. La Tribune de Genève-ის ცნობით, ბიზნესმენი მაროკოელი წარმოშობის 51 წლის მამაკაცის შვილად აყვანას გეგმავს, რომელიც მასთან მებაღედ მუშაობდა.
გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ პუეჩმა ყოფილ მებაღეს მონტრეში მდებარე ვილის გასაღები უკვე გადასცა. მამაკაცმა თითქმის 6 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება უკვე მოიპოვა.
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ პუეჩი თავის ქონებას ანდერძად გადასცემდა დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ფონდ Isocrates-ს, რომელიც მან 2011 წელს შექმნა. ახლა ფონდის ხელმძღვანელობა მილიარდერის ქმედებების შეჩერებას ცდილობს. ამ პრობლემის გადაჭრისთვის მეწარმემ უკვე დაიქირავა იურისტები.