აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატების შემდეგ, მომღერალმა ტეილორ სვიფტმა თავის Instagram გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ ნოემბრის არჩევნებზე იგი ხმას დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს მისცემს.
სვიფტის თქმით, მან მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დონალდ ტრამპმა საკუთარ ვებსაიტზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თითქოს ტეილორ სვიფტი მას უცხადებდა მხარდაჭერას.
"შევიტყვე, რომ AI, სადაც "მე" თითქოს მხარს ვუჭერ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას, მის ვებგვერდზე დაიდო. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი შიში AI-ის და იმ საფრთხეების მიმართ, რაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვება. გადავწყვიტე, რომ, როგორც ამომრჩეველმა, საკუთარი გეგმები ძალიან გამჭვირვალე გავხადო და მცდარ ინფორმაციას სიმართლე ასე დავუპირისპირო", - წერს მომღერალი.
თავის პოსტში სვიფტი კამალა ჰარისს ნიჭიერ ლიდერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა მართოს სიმშვიდემ და არა - ქაოსმა.
"ხმას კამალა ჰარისს ვაძლევ, რადგან ის იბრძვის იმ მიზნებისთვის, რასაც მჯერა, რომ მებრძოლი ადამიანის ადვოკატირება სჭირდება. ვფიქრობ ის მტკიცე, ნიჭიერი ლიდერია და მჯერა, რომ ამ ქვეყანაში უფრო ბევრს მივაღწევთ, თუ მას ვმართავთ სიმშვიდით, და არა ქაოსით", - წერს სვიფტი.
მომღერალმა თავის გულშემატკივრებს საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების შესწავლისკენ და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა და ხმის მისაცემად წინასწარი რეგისტრაციის საჭიროებაც შეახსენა.