უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air, 2022 წლის მსგავსად, გასულ წელსაც მსოფლიოს ყველაზე არაპუნქტუალურ ავიაკომპანიად აღიარეს. ამის შესახებ ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს (Civil Aviation Authority-CAA) მონაცემებში წერია, რასაც The Independent ავრცელებს.

კერძოდ, 2023 წელს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ავიაკომპანიის რეისების შეფერხებამ, საშალოდ, 31:36 წთ შეადგინა.

CAA-მ თავის ანალიზში დიდი ბრიტანეთის აეროპორტებიდან იმ ავიაკომპანიების ყველა რეგულარული და ჩარტერული ფრენა გაითვალისწინა, რომლებმაც 2,500-ზე მეტი რეისი შეასრულეს. გაუქმებული ფრენები ანგარიშში არ შესულა.

ყველა შესწავლილი ფრენის დაგვიანების საშუალო დრო 20:42 წთ იყო, რაც 2022 წლის 23 წუთთან შედარებით ნაკლებია. ამდენად, გასული წლის განმავლობაში ავიარეისების დაგვიანებით შექმნილი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

დაბალბიუჯეტიანი საჰაერო მგზავრობის ბაზარზე Wizz Air-ის მთავარი კონკურენტი ევროპაში, ირლანდიური ავიაკომპანია, Ryanair ბევრად პუნქტუალური აღმოჩნდა და რეიტინგში მე-14 ადგილი დაიკავა. მისი დაგვიანების საშუალო დრო 19:54 წთ-ს შეადგენს.

2023 წლის ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანიების მსოფლიო ტოპ 10-ეული ასეთია:

  • Wizz Air (უნგრეთი) - რეისის დაგვიანების საშუალო დრო 31:36 წთ
  • Turkish Airlines (თურქეთი) – 28:36 წთ
  • Tui (დიდი ბრიტანეთი) – 28:24 წთ
  • Air India (ინდოეთი) 28:12 წთ
  • Pegasus Airlines (თურქეთი) 25:6 წთ
  • Air Portugal (პორტუგალია) 23:48 წთ
  • Vueling Airlines (ესპანეთი) 23:6 წთ
  • Swiss Airlines (შვეიცარია) – 22:48 წთ
  • Air Canada (კანადა) 22:6 წთ
  • British Airways (დიდი ბრიტანეთი) 21:36 წთ

bpn.ge