ჰენრი მჭედლიშვილი საქართველოდან ინგლისში 2002 წელს წავიდა, ჯერ ქართული ღვინის ექსპორტით იყო დაკავებული, შემდეგ კი Henry’s Kitchen შექმნა და ხინკლის წარმოება დაიწყო. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, თვეში 30 000-მდე ხინკალს ყიდიან და წელიწადში 100%-ზე მეტი ზრდა აქვთ.

„კომერსანტი“ ჰენრი მჭედლიშვილს ლონდონში ქართული ხინკლის წარმოების, ბიზნესის კეთების გზაზე სირთულეების, წარმოების გაფართოების და გეგმების შესახებ ესაუბრა.

როდის წახვედით საქართველოდან და როდის დაიწყეთ ლონდონში ხინკლის წარმოება?

ჰენრი მჭედლიშვილი, Henry’s Kitchen-ის დამფუძნებელი: საქართველოდან 2002 წლის დეკემბრის ბოლოს წავედი. ვფიქრობდი, რომ ენას ვისწავლიდი და დავბრუნდებოდი. მაგრამ აქ უფრო მეტი პერსპექტივაა, ადამიანის შრომა უფრო მარტივად ფასდება და დარჩენა გადავწყვიტე.

2009 წლიდან ქართული ღვინოების ექსპორტი დავიწყე ლონდონში. ყოველთვის მინდოდა, რომ ქართული საქმე მეკეთებინა და საქართველოსთან რაღაც ხიდი გამედო. ქართულ კომპანიებს ვუკავშირდებოდი, ღვინო ჩამომქონდა და აქ ვყიდდი. მაგრამ ღვინოზე დიდი კონკურენციაა და ქართული ღვინის ცნობადობაც ისეთი დიდი არაა, რომ გვგონია. ეს კონსერვატიული ქვეყანაა და თავისი სეგმენტი ჰყავს, რომელიც ქართულ ღვინოს ყიდულობს, მაგრამ მასისთვის უცნობია. ქართული ღვინოები ახლაც შემომაქვს. ეს დამატებით საქმე გახდა, 2019 წლიდან პირველ ადგილზე ხინკლის წარმოებამ გადმოინაცვლა.

რაც შეეხება ხინკლის ტექნოლოგიას, ხელით ვერანაირად ვერ დაამზადებ გასაყინ პრიალა ცომს და წვნიან ხინკალს. ჩემთვის დავიწყე ხინკლის კეთება და მერე იმხელა მოთხოვნა და კლიენტურა გაჩნდა, რომ ხინკლის წარმოება ჩემს ძირითად საქმიანობად იქცა.

ხინკლის დასამზადებლად საჭირო აპარატურა ჯერ საქართველოდან ჩამოვიტანე, შემდეგ ჩინეთში დავამზადებინე სპეციალური შეკვეთით. ამ ტექნიკა-აღჭურვილობაში შედის: ხინკლის ცომის მოსაზელი, საპრესი, მოსაჭრელი, მოსახვევი აპარატები და საყინულეები. სანამ ტექნოლოგია დაიხვეწა, ფქვილი ავარჩიე, რომელიც გაყინვას უძლებს, ხორცი, რომელიც არ არის განაყინი და პირველად იყინება, ამან დიდი დრო წაიღო.

რა ინვესტიციით დაიწყეთ ხინკლის წარმოება?

1500 გირვანქა სტერლინგად ვიყიდე თავიდან ძველი აპარატურა - ცომის საზელი, საპრესი და სახვევი. მერე რა თანხაც შემოდიოდა, იმას ვაბრუნებდი საქმეში. ავაშენე სახინკლე, სადაც ხინკალს ვახვევთ, ცალკე აქვს საყინულე ოთახი, სადაც ერთდროულად შეიძლება 5000 ხინკალი შეინახოს და გაიყინოს. ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცა.

რომ გაიხსენოთ, რამდენად რთული იყო ლონდონში ბიზნესის წამოწყება?

უნდა გჯეროდეს რასაც აკეთებ, ბოლომდე უნდა იბრძოლო და, რაც მთავარია, ხარისხი არ უნდა გააფუჭო. საქმეს რომ დაიწყებ, ქალაქის საბჭოს უნდა აცნობო, რომ აწარმოებ საკვებს. რომელიც გიგზავნის თავის წარმომადგენელს, რომელიც გიმოწმებს რამდენად უსაფრთხოა შენი საკვები მომხმარებლისთვის. მე მომიწია კურსების გავლა, შეფის გამოცდების ჩაბარება, სერტიფიცირების აღება, შემდეგ სამზარეულოს გადაკეთება, მოვარგე იმ მოთხოვნებს, რასაც ქალაქის საბჭო ითხოვდა. სერტიფიკატი რომ ავიღე, მოვიდნენ და 5-ვარსკვლავიანი შეფასება მომცეს.

რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

6 ადამიანი გვყავს დასაქმებული. 1 მაროკოელი მყავს და 1 ლიეტუველი, დანარჩენები ქართველები არიან.

სად იყიდება თქვენი ხინკალი?

ვყინავთ, ვაფასოებთ, გვყავს მაღაზიების ქსელი, სადაც ვაბარებთ ნაწარმს. მოდიან და თავად მიაქვთ. 2 ბაზაა ლონდონში Lituanica და Monolith, საიდანაც აღმოსავლეთ ევროპის მაღაზიები მარაგდებიან. ერთი იღებს და თვითონ აკეთებს დისტრიბუციას, მეორე - მხოლოდ თავისი მაღაზიებისთვის იღებს.

რამდენნაირ ხინკალს ამზადებთ?

5 დასახელების ხინკალი გვაქვს. დავიწყეთ კლასიკური ხინკლით, რომელიც ღორის და ძროხის ხორცით მზადდება, მერე - დავამატე ძროხისა და ცხვრის ხორცის ხინკალი იმიტომ, რომ აქ ბევრი მუსულმანია, შემდეგ - ყველის და ვეგანებისთვის სოკოს ხინკალი და ახლა გავუშვით კარტოფილის და მოცარელას ხინკალი.

ამ 5 წლის განმავლობაში წარმოება რამდენად გაზიარდა?

სტაბილურად ვიზრდებით. ვინც მოდის და სინჯავს, ყველა ძალიან კმაყოფილი რჩება. იმიტომ, რომ უმაღლესი ხარისხის ფქვილი შემოგვაქვს სპეციალური შეკვეთით იტალიიდან, უმაღლესი ხარისხის ცოცხალ ხორცს ვყიდულობთ და ჩვენ თვითონვე ვატარებთ. დაახლოებით 100%-ით ვიზრდებით.

რა ღირს Henry’s Kitchen-ის ხინკალი?

ზოგი გირვანქა ნახევრად ყიდის, ზოგი გირვანქა და 20 ცენტად. მე მირჩევნია რაოდენობაზე ვიმუშაო, მეტი გავყიდო და 80 ცენტად ვყიდი თითო ხინკალს. თვეში 30 000-მდე ხინკალი იყიდება.

ე.ი. ადგილობრივებმაც გაიცნეს და შეიყვარეს ქართული ხინკალი. ვერ ვიტყვით, რომ ლონდონში თვეში ქართველები 30 000 ხინკალს ყიდულობენ.

არა, თავიდან ძირითადად ქართველი მომხმარებელი გვყავდა, ახლა ადგილობრივები ყიდულობენ.

რა გეგმები გაქვთ, ახალი პროდუქტების წარმოებას ხომ არ გეგმავთ?

წარმოებაში გვაქვს ასევე გაყინული ხაჭაპური და ლობიანი. ნელ-ნელა ხაჭაპურზეც დაიძრა მოთხოვნა, ლობიანზე ნაკლებად. ჯერჯერობით მივდევთ განვითარებას და ამის მიხედვით გადავწყვეტთ რა როგორ იქნება.