2024 წლის განმავლობაში, საქართველოში საწარმოთა 7%-მა დანერგა ახალი ან გაუმჯობესებული მომსახურება, ხოლო 7.3%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, ეს მაჩვენებლები უფრო დაბალი - 6.2% და 6.8% იყო. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2024 წელს, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 81.4% და 69.9%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან.
განხორციელებული ინოვაციების 56.3% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 43.7% სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, იმ მცირე საწარმოთა წილი, რომლებმაც ინოვაციები პროდუქციაში განახორციელეს, 7.1% იყო, საშუალო ზომის საწარმოების წილი - 15.7%, ხოლო მსხვილი საწარმოების წილი 14.3%.
მომსახურებაში კი, იმ მცირე საწარმოთა წილი, რომლებმაც ინოვაციები დანერგეს, 6.8% იყო, საშუალო საწარმოების წილი - 12.5%, ხოლო მსხვილის - 15.9%.
ბიზნესპროცესებში ყველაზე მეტმა საწარმომ ინოვაციები რეკლამირების, შეფუთვის, ფასების, პროდუქტის განთავსების ან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მარკეტინგის მიმართულებით დანერგა და ამ საწარმოთა წილი 10.3% იყო.
საქსტატის თანახმად, საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 80.9% უშუალოდ საწარმოს მიერ შემუშავდა, 22.6% — სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 21.9% მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება — მოდიფიცირების განხორციელებაზე, ხოლო 19.7% სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 47.2%-მა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.6% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 34.2% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.
ბიზნეს გარემოს შეფასებისას კი, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.