ამჟამად, 80%-მდე დატვირთულობით ვმუშაობთ და წინასწარი ჯავშნებიც აქტიურად შემოგვდის, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო "ბანგურიანის" დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ირან-ისრაელის ომის გამო სასტუმროს ჯავშნების ნაწილი გაუუქმდა, თუმცა აღდგენის პროცესი დაწყებულია.

"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯავშნები მცირედით შემცირებულია, რასაც ირან-ისრაელის ომს ვუკავშირებთ. ჩვენი სტუმრები ამჟამად, ძირითადად, კორეიდან, პოლონეთიდან, ჩინეთიდან და სხვადასხვა ევროპის ქვეყნიდან არიან. არის დღეები, როცა 100%-იანი დატვირთულობა გვაქვს. მიმდინარე პერიოდში ჩვენი სტუმრების 100% უცხოელია. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ისრაელიდან დატვირთვა უფრო მეტი იყო ვიდრე მიმდინარე წელს  და ამასთან, გაიზარდა ჩინელი ვიზიტორების რიცხვი", - აცხადებს ლაშა ჯაფარიძე.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „ბანგურიანი“ გაფართოებას გეგმავს. როგორც ლაშა ჯაფარიძე აღნიშნავს, გაფართოებისთვის ტურისტული ობიექტი ქვეყანაში და მსოფლიოში მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდება. მისი თქმით, განიხილება სასტუმროს ნომრების 120-მდე გაზრდა, რესტორნის დამატება და ასევე, აუზის და სპორტ დარბაზის გახსნა.

"გაფართოების პროექტში, დაახლოებით, 4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას", - აღნიშნავს ლაშა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, სასტუმრო "ბანგურიანი" მესტიაში მდებარეობს. ტურისტული ობიექტი ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა და მოიცავს 36 ნომერს, რესტორანს, ღია და დახურულ ტერასას და დიდ ეზოს.

bp.ge