„ამას დადებითც აქვს და უარყოფითიც. გააჩნია, ამ კანონის მიღებისას, ვის რა ჩანაფიქრი აქვს, თუ ეკონომიკის გაჯანსაღებაზეა საუბარი, შესაძლებელია, დიდი თანხების შემოდინებაც მოხდეს, მაგრამ თუ ფულის გათეთრების მიზნით მოხდება, ამაზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციებიც იმოქმედებენ და კონტროლს დააწესებენ“,- ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ე.წ ოფშორების კანონს, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

საქმე ეხება საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა კიდეც. პროექტის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ, ოფშორული ქვეყნებიდან ქონების საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათები წესდება.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, კანონმა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე კარგად იმოქმედოს და დიდი ინვესტიციები მოიტანოს, თუმცა, თუ ჩანაფიქრი ისაა, რომ ვინმემ გადასახადები დამალოს და ფული „გაათეთროს“, ამაზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდანაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ამ თემას შეიძლება ორგვარად შეხედო, შესაძლოა, ამან დიდი ინვესტიციები მოიტანოს, არ ვიცი, ვინ როგორ გამოიყენებს. თუ ეს იმის გამოა, რომ გადასახადები არ გადაიხადოს და თანხა შემოიტანოს იმის გამო, რომ ვიღას დაუმალონ, რა თქმა უნდა, უარყოფითი შეფასება ექნება, მაგრამ თუ არსებობს ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, რომ მაგალითად, ეს გამოადგება ეკონომიკის განაჯანსაღებს, ამ თვალსაზრისითაც, შეიძლება ამ თემის განხილვა. შეიძლება, დიდი თანხები შემოვიდეს, მერე ამან იმოქმედოს ლარის გამყარებაზე და ა.შ. მრავალი კუთხით შეიძლება შეფასება. ამას დადებითიც აქვს და უარყოფითიც. გააჩნია, ამ კანონის მიღებისას, ვის რა ჩანაფიქრი აქვს, თუ ეკონომიკის გაჯანსაღებაზეა საუბარი, შესაძლებელია, დიდი თანხების შემოდინებაც მოხდეს, მაგრამ თუ ფულის გათეთრების მიზნით მოხდება, ამაზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციებიც იმოქმედებენ და კონტროლს დააწესებენ, ასე მარტივი არ იქნება“,- ამბობს თემურ ჭყონია.

Bpn.ge