„კომერციული ფართის იჯარა მძიმე ტვირთად დააწვა ბიზნესს“ - როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა ისაუბრა, ეს ყველაფერი თვეებია გრძელდება და შედეგებს ახლა ვხედავთ.

„საცალო სავაჭრო ორგანიზებული ვაჭრობის პლატფორმები დღეს სამი ნაწილისგან შედგება: სავაჭრო ცენტრები, ე.წ. ქუჩის რითეილი და ბაზრობები. გადანაწილების შედეგად, სავაჭრო ცენტრებმა წაიღო ტრაფიკის დიდი ნაწილი, თუმცა თბილისი ორჯერ ჩამორჩება ანალოგი ტიპის ქალაქებს, მაგალითად რიგას.

იგივე ტენდენციაა ქუჩის რითეილის მხრივაც, მაგრამ შეინიშნება ზრდა ბაზრობებზე, სადაც უფრო იაფად გვხვდება მიწოდება და მომხმარებელი უფრო მეტ თანხას ხარჯავს. ანუ კომერციული ფართის იჯარა მძიმე ტვირთად დააწვა ბიზნესს. ზოგადად, ნებისმიერი სავაჭრო ქსელისთვის იჯარა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რადგან მას ემატება თანამშრომლების ხელფასები. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ ქსელებს მეტი რესურსი აქვთ დაგეგმონ, ოპტიმიზაცია გააკეთონ და მაგალითად, შეამცირონ გარკვეული პროდუქტის იმპორტი, ან შეამცირონ მარკეტინგის ხარჯები და გაყიდვების ხარჯები და ე.წ. ნულოვანი მოგების წერტილი შეინარჩუნონ“, - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ტურისტული პერიოდი დგება და იმედოვნებს, რომ ტურისტული ნაკადი ამ ყველაფერს დააკომპენსირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაფერი იმაზეც არის დამოკიდებული, როგორი იქნება სეზონი.

„ეს ყველაფერი უკვე თვეებია გრძელდება და ამის შედეგებს ვხედავთ ახლა: შემცირებულია ხარჯვა, გაყიდვები და ეს დინამიკა გრძელდება. ახლა ტურისტულ პერიოდში შევდივართ და იმედია დაკომპენსირდება, თუმცა როგორი იქნება ტურისტული ნაკადი, ამის პროგნოზირება ყველას უჭირს“ - განაცხადა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა.

www.bpn.ge