„ვაზიანში ჰაბის შექმნა უნდათ, შესაბამისი სტანდარტები კი არ გვაქვს“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ აეროპორტის მშენებლობის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა.

როგორც კოდუამ ჩვენთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, მზად იყო ამერიკაში პირდაპირი ფრენები განეხორციელებინა, რაზეც უარი განუცხადეს იმ მიზეზით, რომ 1-2 წელი იყო საჭირო შესაბამისი სტანდარტების დანერგვისთვის. ამის ფონზე, კოდუა სვამს კითხვას, თუ საქართველომ ამერიკაში, იაპონიასა და ევროკავშირში არ იფრინა, მაშინ სად უნდა იფრინოს?

„საუბარია იმაზე, რომ ვაზიანში ჰაბი უნდა შევქმნათო და სტანდარტები არ გვაქვს და მაგალითად, 2 წელი გვინდა, რომ ამერიკაში ფრენისთვის მზად ვიყოთო, თუ ამერიკაში არ ვიფრენთ, არც იაპონიაში და ევროპაში, კითხვა მიჩნდება - სად ვიფრენთ? ჯერ მთავრობას მივმართოთ, რომ ავიაკომპანიებს მოგვხედოს, ავიაცია განვავითაროთ და უარი არ გვითხრას ამერიკის რეისებზე. მათ ხომ არ ვთხოვდი ფულს, ჩვენი რესურსებით გვსურდა აშშ-ში ფრენა, კერძოდ, თბილისი ლოს-ანჯელესის, თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენა გვინდოდა და უარი გვითხრეს“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.

მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს ამერიკასა და იაპონიასთან პირდაპირი ფრენები.

„არის ორი პოლიტიკა, პროდასავლური და პრორუსული. იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ევროპასთან ბმა არ არის აუცილებელი - რუსეთში დაფრინავენ „ჯორჯიან ეარვეისი“, რომელიც წოდებული არიან პრორუსულ კომპანიებად. ძალიან პრორუსებმა რომ გაიმარჯვონ საქართველოში, ევროპის რეისები დაიკეტება, მერე რას ეტყვიან რუსები „აირზენას“? აღარ დასჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩვენ რუსებს ვჭირდებით იმისთვის, რომ მიებან ევროპას, არავის არ ვჭირდებით ევროპის გარეშე, ევროპის რეისები რომ ჩაიხსნას, ამერიკაში ვერ ვიფრენთ. მაშინ სად ვიფრენთ?“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.

მისი თქმით, იმისთვის რომ საქართველო იქცეს ჰაბად, უნდა განავითაროს შესაძლებლობები, იფრინოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ამერიკისა და იაპონიის, ხოლო ქვეყნის აეროპორტი უნდა იყოს ინტეგრირებული მსოფლიო ბაზარზე და შეეძლოს კონკურენციის გაწევა.

როგორც კოდუა აღნიშნავს, საავიაციო ბაზარზე საქართველოსთვის მთავარ კონკურენტებს თურქეთისა და დუბაის ჰაბები წარმოადგენენ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის ფაქტორიც.

„თურქეთის ავიახაზები მონსტრია დღეს, 750 თვითმფრინავზე ავა მალე. ჩვენი კონკურენტი ჰაბებია თურქეთის ჰაბი, დუბაის ჰაბი და გვერდზე გვყავს აზერბაიჯანი, მათ ფული ჩვენზე ასჯერ მეტი აქვთ, აზერბაიჯანს ნავთობიც უფასო აქვს, იცით, რომ თვითმფრინავს ძალიან დიდი რაოდენობის თანხა სჭირდება საწვავისთვის, თითო რეისისთვის 50-70 ათასამდე არის, დამოკიდებულია ფრენის ხანგრძლივობაზე. არის 2-3 კონკურენტი, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვვითარდეთ და ვაჯობებთ მას“, - აღნიშნა გიორგი კოდუამ.

bpn.ge