კონკურენციის სამართალი ბაზარზე სამართლიანი თამაშის წესების დაცვას ემსახურება და მისი მთავარი მიზანი მომხმარებლის ინტერესების დაცვაა,- ამის შესახებ GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი შაკიაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე განმარტებით, კარტელური შეთანხმებები, როგორც ქართულ, ისე ევროკავშირის კანონმდებლობით, განსაკუთრებით მძიმე სამართალდარღვევად ითვლება და კომპანიებს მათში მონაწილეობისთვის შესაძლოა წლიური ერთობლივი შემოსავლის 10%-მდე მდე ჯარიმა დაეკისროთ.
„კონკურენციის სამართალი ბაზარზე სამართლიანი წესების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, ანუ კონკურენციის პოლიტიკის მთავარი და საბოლოო მიზანი მომხმარებლის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.
კარტელური შეთანხმებები, როგორც ჩვენი, ისე ევროკავშირის კანონმდებლობით დასჯადია, რაც საკმაოდ მკაცრ ფინანსურს სანქციებს ითვალისწინებს.
პირველ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს კომპანიის წლიური ერთობლივი შემოსავლის 5%, ხოლო აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში 10%, რაც საკმაოდ მძიმე სანქციაა.
თანამშრომლობის პროგრამა ერთადერთი კანონიერი გზაა, რომლის მეშვეობითაც კომპანია, რომელიც ჩართულია კარტელურ შეთანხმებაში ან სრულად გათავისუფლდეს ამ ჯარიმისგან ან მნიშვნელოვნად შეუმცირდეს დაკისრებული ფინანსური სანქცია.
კომპანია მომართავს GCCA-ს, აღიარებს ასეთი ტიპის შეთანხმებაში მონაწილეობას, მიაწოდებს კონკურენციის სააგენტოს მტკიცებულებით გაჯერებულ ინფორმაციას და შესაბამისი პროცედურები წარიმართება.
როდესაც პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა იცის, რომ ასეთი ტიპის მექანიზმი არსებობს, მისთვის გარკვეული რისკია კანონსაწინააღმდეგო გარიგებაში ჩართვა, რადგან აცნობიერებს, რომ რომელიმე კომპანიამ შესაძლოა კონკურენციის სააგენტოს მიმართოს“,- აღნიშნავს შაკიაშვილი.
2014 წლიდან, სააგენტოს შექმნის შემდეგ, კონკურენციის კანონმდებლობა არაერთხელ გადაიხედა და დაიხვეწა, მათ შორის პროცედურული მექანიზმების და თანამშრომლობის პროგრამის მიმართულებითაც.
„ჩვენ განგრძობად რეჟიმში ვაწარმოებთ ძირითად ბაზრებზე მონიტორინგს და როდესაც შედეგებში ვნახავთ, რომ რაღაც საკითხი ისე არ არის, როგორც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა ოფიციალურად ვიწყებთ მოკვლევას. 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო დაარსდა, ჩვენმა კანონმდებლობამ რამდენჯერმე განიცადა ცვლილებები, როგორც პროცედურული ნომრების, ისე თანამშრომლობის პროგრამის მხრივ. დღეს ჩვენთან არსებული მოდელი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის იდენტურია“,- აღნიშნა GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი შაკიაშვილმა.