აღდგომის დღესასწაული სააღდგომო პასკის გარეშე წარმოუდგენელია.  სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გემრიელი პასკის შერჩევა ხდება. იმის გამო რომ პასკის სახლის პირობებში გამოცხობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ადამიანებს ურჩევნიათ ის უკვე მზა სახით შეიძინონ. ამ დროს განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობა უწევთ საკონდიტრო საწარმოებსაც.

„კომერსანტი“ დაინტერესდა როდიდან დაიწყო და რამდენი პასკის წარმოებას აპირებს კომპანია „ჩიზქეიქერი“.

„ჩიზქეიქერის“ დამფუძნებლის, ვეკო დოდაშვილის თქმით, წინა წელთან შედარებით, პასკების წარმოება 3-ჯერ გაიზარდა, სარეალიზაციო ფასები კი შემცირდა (საცალო გაყიდვების შემთხვევაში).

„პასკებთან დაკავშირებით, კორპორაციული შეკვეთების მიღება ფაქტობრივად დასრულებული იყო აპრილის შუა რიცხვებში.

წინა წელთან შედარებით, როგორც საცალო, ასევე კორპორაციულ  შეკვეთებზე  მოთხოვნა  გაზრდილია. კონკურენციის ნაწილში, დიდი კომპანიების და სხვადასხვა დაწესებულებების დივერსიფიკაცია მოვახდინეთ. პასკების წარმოება 3-ჯერ გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ფასები გაზრდილი იყო, კორპორაციული შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე, მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ საცალოების შემთხვევაში, ფასები შეგვემცირებინა.

კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩვენ გვყავს ჩვენი ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ყოველწლიურად ჩვენთან უკვეთავენ. წელს, ასევე, ახალი მომხმარებლებიც შევიძინეთ“.

როგორც მან აღნიშნა, კომპანია კლასიკურ პასკებს აწარმოებს, რომელთა ფასიც განსხვავებულია.

„წელს, გვქონდა სიახლეც. მომხმარებლებს ჯეჯილი და ტრადიციული პასკა შევთავაზეთ, რამაც ძალიან კარგად იმუშავა როგორც საცალოების, ასევე კორპორაციული შეკვეთების შემთხვევაში.

ვაწარმოებთ მხოლოდ ტრადიციულ პასკებს, შაქრის პუდრით და 2 სახის ზედსართით, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევებში მზადდება.

რაც შეეხება ფასებს, კორპორაციულების შემთხვევაში, წონიდან გამომდინარე 18ლ-დან იწყება.

საცალოების შემთხვევაში კი, გვაქვს 500 გრამიანი და 1 კილოგრამიანი პასკები.  1კგ-იანი პასკის ღირებულება 29 ლარია“.