ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებლის, ალექსი ნონიაძის თქმით, თუ ჩინური ავტომობილები ცენტრალური აზიის ბაზრებზე პოპულარული გახდება, ეს შესაძლოა საქართველოში რეექსპორტის მიმართულებების შემცირებით ან სრული დაკარგვით დასრულდეს. რაც შეეხება ჩინელი ავტოიმპორტიორების მხრიდან ამერიკული ე.ი მეორეული მანქანების იმპორტს და აზიის ქვეყნებში რეექსპორტზე გატანას, ნონიაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ასეთი სცენარის განვითარება, სატარიფო ომის პირობებში საკმაოდ საეჭვოა.
„ჩინური ავტომობილების იმპორტის დინამიკა მზარდია, თუმცა ნელი ტემპით იზრდება - ამ ეტაპზე ჩინური ავტომობილების წილი ქართულ ბაზარზე ძალიან მცირეა. თუ ეს წილი გაიზრდება და მთლიანად გავლენა გაიზარდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩვენი რეექსპორტის გეოგრაფიაც მნიშვნელოვნად შეიცვლება ან შესაძლებელია რეექსპორტის ბაზარი საერთოდ დავკარგოთ. ჩინეთიდან წამოსული ავტომობილები გამოივლიან ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ჩამოვა საქართველოში და ისევ უკან დაბრუნდება? ასეთი რამე არ მოხდება, რეექსპორტის ბაზარი ასე ვერ აეწყობა. ეს გამოწვევა ჩვენი ბაზრის წინაშე დგას, მაგრამ ჯერჯერობით საგანგაშო სახის არ არის.
არ მგონია ჩინურმა მხარემ ამერიკული მანქანების მასშტაბური იმპორტი დაიწყოს, პირველ რიგში, სატარიფო პოლიტიკის გამო. ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთში კონკურენტად აღიქვამენ, ამიტომ არ მგონია, მათ შორის ამ ტიპის ვაჭრობა დაიწყოს“,- აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.