როგორც რამდენიმე დღის წინ, BMG-ისთვის გახდა ცნობილი, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის. კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ.

აღნიშნულ სიახლეს, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ხოლო ამერიკული ბრენდის ქართული ბენეფიციარის ვინაობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. ამ საკითხით BMG დაინტერესდა და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამერიკული ბრენდი საქართველოში ოპერირებას Yandex-ის ტაქსების გამოძახების სერვისის ბაზაზე იწყებს.

Uber-ის აპლიკაცია, სახელწოდებით Uber GE, ქართულ App Store-სა და Google Play-ში უკვე განთავსდა, ხოლო მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. თავად აპლიკაცია ქართულადაც არის ხელმისაწვდომი და შიგნით, ავტომობილების დანახვაც შეიძლება, მაგრამ ტაქსის გამოძახება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. აღნიშნულ აპლიკაციას, ცხადია, თან ახლავს ხელშეკრულება, რომელიც მომხმარებელსა და კომპანიას შორის ფორმდება. როგორც დოკუმენტით ვიგებთ, საქართველოში Uber-ის იურიდიული სახელწოდებაა შპს “რაიდტექ ჯორჯია”, ანუ Uber-ის ბრენდის ქართულ ოპერატორად სწორედ ეს კომპანია გვევლინება. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ სწორედ შპს “რაიდტექ ჯორჯია” ფიგურირებს Yandex-ის ტაქსის გამოძახების აპლიკაციაში, Yandex Go-ში არსებულ სალიცენზიო ხელშეკრულებაშიც.

თავად ეს კომპანია - შპს “რაიდტექ ჯორჯია”, საქართველოში 2022 წლის 24 მაისს დარეგისტრირდა და მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, კომპანიის დირექტორად რუსეთის მოქალაქე კირილ სვინტსოვი არის მითითებული. თუმცა თუ დირექტორის ვინაობა ბოლო ორი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, იმავეს ვერ ვიტყვით შპს “რაიდტექ ჯორჯიას” მესაკუთრეზე. საქართველოში კომპანიის რეგისტრაციის დროს, შპს “რაიდტექ ჯორჯიას” 100%-იანი წილის მფლობელი ნიდერლანდური MLU B.V. იყო, მაგრამ 2024 წლის თებერვალში, კომპანიის ბენეფიციარი შეიცვალა და 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული Y. E. HOLDING LIMITED-ი გახდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ნიდერლანდური MLU B.V. რამდენიმე საერთაშორისო გარიგებაშიც ფიგურირებს. როგორც 2018 წლის თებერვალში გახდა ცნობილი, Yandex-მა და Uber-მა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს. ამ კომპანიის სახელწოდებად სწორედ Maple Leaf United, ანუ MLU შეირჩა, ხოლო კომპანია ნიდერლანდებში დარეგისტრირდა. ერთობლივი საწარმოს მიზანი - ტაქსის გაქირავებისა და სხვა მსგავსი ბიზნესების ერთობლივი მართვა იყო, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსსა და საქართველოში. იმ დროს, ერთობლივი საწარმო $3.8 მილიარდად შეფასდა, ხოლო კომპანიის წილები შემდეგნაირად გადანაწილდა: Yandex - 59.3%, Uber - 36.9%, Yandex-ის თანამშრომლები - 3.8%. გარიგების ფარგლებში, რეგიონში Uber-ის საკვების მიტანის სერვისი, UberEATS-იც ამოქმედდებოდა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ დროს, ნიდერლანდებში რეგისტრირებული Maple Leaf United-ის ერთ-ერთი დიდი აქციონერი, ასევე ნიდერლანდებში რეგისტრირებული Yandex N.V. უკვე საჯარო კომპანია იყო, რომლის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებოდა. დღეს, მოგეხსენებათ, Uber-იც საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, მაგრამ კომპანიის IPO ზემოხსენებული გარიგების შემდეგ შედგა, კერძოდ 2019 წლის მაისში.

ახლა კი, Yandex-ისა და Uber-ის მიერ დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს დავუბრუნდეთ, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად ვითარდებოდა. ერთ-ერთ პირველი მნიშვნელოვანი გარიგება კომპანიის მონაწილეობით 2021 წლის თებერვალში შედგა, როცა ნიდერლანდურმა კომპანიამ რუსული Vezet Group-ის გარკვეული აქტივები შეიძინა. თუმცა ამავე წელს, გაცილებით მნიშვნელოვანი გარიგება შედგა უშუალოდ MLU-ს აქციონერებს შორის. 2021 წლის აგვისტოში, Yandex-მა $1 მილიარდად სრულად გამოისყიდა Uber-ის წილი საკვების მიტანის და თვითმართვადი ტექნოლოგიის ბიზნესებში. ამასთან, Yandex-მა 4.5%-ით გაზარდა საკუთარი წილი მობილობის ბიზნესზე ორიენტირებულ MLU-ში, რის შემდეგაც, ერთობლივ საწარმოში Yandex-ისა და მისი თანამშრომლების წილი 71%-მდე გაიზარდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიზნესის რესტრუქტურიზაციის შედეგად, Yandex-მა Uber-ის დარჩენილი 29%-იანი წილის წინასწარ შეთანხმებულ კონკრეტულ ფასად გამოსყიდვის უფლებაც მოიპოვა. შეთანხმების თანახმად, Uber-ის წილის გამოსყიდვის შესაძლებლობა Yandex-ს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა და თუ გარიგება 2023 წლის სექტემბერში შედგებოდა, Uber-ი საკუთარი წილის სანაცვლოდ დაახლოებით $2 მილიარდს მიიღებდა. წილის გამოსყიდვის უფლებასთან ერთად, Yandex-მა რუსეთში და ზემოხსენებულ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, Uber-ის ბრენდის გამოყენების უფლებაც გაახანგრძლივა - როგორც იმ დროს გაირკვა, 2030 წლის აგვისტომდე. თუმცა აღნიშნული პირობა იმ შემთხვევაში ამოქმედდებოდა, თუკი Yandex-ი Uber-ის წილს გამოისყიდდა.

2022 წლის თებერვალში, მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რამაც რუსული ფესვების მქონე ნიდერლანდური Yandex-ის ბიზნესის განვითარების ვექტორი მნიშვნელოვნად შეცვალა. Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი, ისევე როგორც კომპანიის მაღალი მენეჯმენტის რგოლის რამდენიმე წარმომადგენელი დასანქცირდა, რამაც კომპანიას რესტრუქტურიზაციისკენ და რუსული აქტივების გასხვისებისკენ უბიძგა. აი, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა Yandex-ის მიერ ნიდერლანდურ ერთობლივ საწარმოში Uber-ის დარჩენილი წილის გამოსყიდვა. გარიგება 2023 წლის აპრილში შედგა, მაგრამ წინარე კონტრაქტში განსაზღვრული რამდენიმემილიარდიანი თანხის ნაცვლად, 29%-იანი წილის სანაცვლოდ Uber-მა Yandex-ისგან მხოლოდ $702.5 მილიონი მიიღო. გარიგების ღირებულების შემცირება, ცხადია, ომის გამო Yandex-ის გაზრდილ რისკ-პრემიას უკავშირდება.

2023 წელს Yandex-მა რესტრუქტურიზაციის და რუსეთის ბაზრიდან გასვლის პროცესის გაგრძელება გადაწყვიტა, რაც რამდენიმე ოფიციალური განცხადებითაც დასტურდება. საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიამ 2024 წლის თებერვალში მიიღო. როგორც კომპანიის მიერ იმ დროს გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, კომპანიამ გადაწყვიტა Yandex-ის რუსული და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ბიზნესი ინვესტორთა კონსორციუმზე გაეყიდა, ჯამურად, 475 მილიარდი რუბლის, ანუ იმ დროს, $5.2 მილიარდის სანაცვლოდ. გარიგების დროს, საინვესტიციო კონსორციუმში ხუთი მხარე იყო წარმოდგენილი, მათ შორის რამდენიმე რუსი ბიზნესმენი, “ლუკოილის” შვილობილი საინვესტიციო ფონდი და ქართული წარმომავლობის მქონე ინვესტორი, ალექსანდრე ჩაჩავა. როგორც იმ დროს გაცხადდა, გარიგებაში მონაწილე არც ერთი მხარე არ იყო სანქცირებული აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს ან შვეიცარიის მიერ.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად ის ფაქტი, გაყიდა თუ არა ნიდერლანდურმა Yandex-მა საქართველოში არსებული ბიზნესი ინვესტორთა კონსორციუმზე, განცალკევებით მოხსენიებული არ არის. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ Yandex-ის მობილობის ბიზნესი ნიდერლანდური კომპანიის მხარეს დარჩენილი ბიზნესების ჩამონათვალში არ ფიგურირებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Yandex-ის მობილობის, ისევე, როგორც საკვების მიტანის და სხვა მსგავსი ბიზნესები, რომელთაც ნიდერლანდური კომპანია რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ რამდენიმე კომპანიაში ოპერირებდა, ინვესტორთა კონსორციუმის საკუთრებაში გადავიდა. როგორც BMG-ის ნიდერლანდურ Yandex-ში დაუდასტურეს, საქართველოში არსებული მობილური ბიზნესი კომპანიის აქტივებს შორის დღეს აღარ ფიგურირებს.

გამოდის, რომ Yandex-ისა და Uber-ის ბრენდებით საქართველოში სწორედ ინვესტორთა კონსორციუმის საკუთრებაში გადასული კომპანია ოპერირებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნიდერლანდურ Yandex-თან, რომელმაც გარიგების შედეგად, ევროპაზე, აშშ-ზე, აზიაზე და ახლო აღმოსავლეთზე ორიენტირებული რამდენიმე მაღალტექნოლოგიური ბიზნესი დაიტოვა. ამასთან, მომდევნო წლებში, ნიდერლანდური მხარე Yandex-ის ბრენდის გამოყენებასაც შეწყვეტს.

საინტერესოა, რომ ამ პერიოდში, მნიშვნელოვანი ცვლილება შედგა საქართველოშიც. 2024 წლის 5 თებერვალს, ანუ იმავე დღეს, როცა Yandex-მა რუსული აქტივების გასხვისების გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, შეიცვალა Yandex-ის ქართული შვილობილის, შპს “რაიდტექ ჯორჯიას” მფლობელი და ნიდერლანდებში რეგისტრირებული MLU B.V.-ის ნაცვლად, საქართველოს საჯარო რეესტრში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ კი დუბაიში, რეგისტრირებული Y. E. HOLDING LIMITED-ი დარეგისტრირდა. გამომდინარე იქიდან, რომ პარტნიორების ცვლილების თარიღები იდენტურია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანია, რომელიც საქართველოში Yandex-ისა და Uber-ის ბრენდებს ფლობს, ზემოხსენებული საინვესტიციო კონსორციუმის მფლობელობაში გადავიდა.

აღნიშნული ბეჭდური მასალის მომზადების დროს, ცხადია, BMG საქართველოში Uber-ის ბრენდის ოპერატორ კომპანიას, შპს "რაიდტექ ჯორჯიას" დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში დაგვიდასტურეს, Yandex Go-ს და Uber GE-ს სახელით საქართველოში ტაქსის შეკვეთის საინფორმაციო მხარდაჭერას მართლაც შპს "რაიდტექ ჯორჯია" ახორციელებს, რისი ნებართვაც, კომპანიას აქვს. კომპანიის განცხადებით, Yandex Go და Uber GE - ორი სხვადასხვა აპლიკაციაა, რომელთაც განსხვავებული მიზნობრივი აუდიტორია და ბაზარზე განვითარების განსხვავებული სტრატეგია აქვთ. კომპანიის განცხადებით, Uber Georgia პრემიუმ სეგმენტში იქნება წარმოდგენილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, BMG-მ კონკრეტული კითხვებით ამერიკულ Uber-საც მიმართა - კომპანიის მიერ მოწოდებულ პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ

bm.ge